ჭიდაობა

22:53 | 13.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

შოთაძემ და აბულაძემ მსოფლიოს თბილისური პოდიუმიდან გადახედეს

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა თბილისური მსოფლიოს ჩემპიონატი ორი ოქროს მედლით გახსნა. სპორტის ახალი სასახლის ცენტრალურ დარბაზში, პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე გიორგი შოთაძე (50 კგ) და ლერი აბულაძე (54 კგ) ავიდნენ. ექვსდღიანი შეჯიბრების პირველ დღეს ჩემპიონ-პრიზიორები სულ ხუთ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.

გიორგი შოთაძე მსოფლიოს კონკურენციაში ჭაბუკებს შორის ევროპის მოქმედი ჩემპიონის რანგში ჩაება. 15 წლის სპორტსმენმა თავისზე უფროსებს ამჯერადაც აჯობა და სეზონი ოქროს დუბლით დაასრულა.

შეჯიბრება შოთაძემ რუმინელი კონსტანტინ-ბენონე ლუპუს იოლად ძლევით გახსნა (9:0). შემდეგ ირანელი პოია სულატ დად მარცი (4:2) და აზერბაიჯანელი ზაურ ნურიევი (3:0) ჩამოიშორა. საჩემპიონო ბრძოლაში კი რუსეთის ნაკრების წევრ ანზორ კარაგულოვს დაუპირისპირდა და 6:2 სძლია.

დილის პროგრამაში განსაკუთრებით შთამბეჭდავი ლერი აბულაძის ჭიდაობა იყო. ფინალის გზაზე მან ოთხი შეხვედრის მოსაგებად საერთო ჯამში 2 წუთი და 52 წამი იკმარა. იტალიელ რიკარდო გლავეს ზუსტად ერთ წუთში მოუმთავრა საქმე – 8:0. ასევე 8-8 ქულა აიღო შემდეგ ბრძოლებშიც და ისევ, ერთი ქულაც კი არ დაუთმია მეტოქეებისთვის. ყირგიზ ჟოლამან შარშენბეკოვს 25 წამში მოუგო, უზბეკ დილშოდ ომონგელდიევს - 52 წამში, ხოლო აზერბაიჯანელ ელნურ მუსაიევს - 35 წამში.

ფინალში აბულაძე თურქ კერემ კამალს დაეჭიდა და გადამწყვეტ გამარჯვებას სასურველი ფრის ხარჯზე (3:3) მიაღწია.

დღესვე, საქართველოს დროშის ქვეშ ირაკლი ძიმისტარიშვილმა (58 კგ), ქერიმ მაჩალიკაშვილმა (63 კგ) და საბა ცეცხლაძემაც (100 კგ) იჭიდავეს, მაგრამ საპრიზო სამეულები მათ გარეშე შეივსო.

ძიმისტარიშვილი შეჯიბრებას მერვედფინალიდან გამოეთიშა, აზერბაიჯანელ ჰასან მამადლისთან მარცხით (1:5). მაჩალიკაშვილი (63 კგ) ძირითად ბადეში მეოთხედფინალამდე მივიდა. იქ კი იაპონელ რიომა ანრაკუსთან დამარცხდა (2:8). მეოთხედფინალიდან გამოეთიშა ჩემპიონატს ცეცხლაძეც, ინდოელ დეეპანშუ დეეპანშუსთან წაგებით (0:1).

ხვალ, მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში: 42, 46, 69, 76 და 85 კილოგრამებში გამოვლინდებიან. საქართველოს სახელით კი იჭიდავებენ: გიორგი ჩხიკვაძე (42 კგ), დავით ფუტკარაძე (46 კგ), ლევან გოგუა (69 კგ), ლუკა ხუციშვილი (76 კგ) და გიორგი ქაცანაშვილი (85 კგ).

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

ჭაბუკები

მსოფლიოს ჩემპიონატი

თბილისი

13 სექტემბერი

50 კგ

1 გიორგი შოთაძე (საქართველო)

2 ანზორ კარაგულოვი (რუსეთი)

3 აბდულა ტოპრაკი (თურქეთი)

3 ზაურ ნურიევი (Aზერბაიჯანი)

54 კგ

1 ლერი აბულაძე (საქართველო)

2 კარემ კამალი (თურქეთი)

3 ჟოლამან შარშენბეკოვი (ყირგიზეთი)

3 ანარ მანსუროვი (რუსეთი)

58 კგ

1 ვალენტინ პეტიჩი (მოლდოვა)

2 მუჰამედ რეზა ჰოჯატოლა მოხტარი (ირანი)

3 აბდულვახაბ რიაჩიტოვიჩ ასაინოვი (რუსეთი)

3 ერბოლ ბაკიროვი (ყირგიზეთი)

63 კგ

1 იუსეფ ჰაჯიალი ჰოსეინვანდ ფათი (ირანი)

2 სერგეი სტეპანოვი (რუსეთი)

3 ჰრაჩია პოღოსიანი (სომხეთი)

3 ისმაილ გუნი (თურქეთი)

100 კგ

1 გერარდ კიპრიან კურნიჟაკი (პოლონეთი)

2 ვაჰიდ დადხან გასემ აბადი (ირანი)

3 შარაპ ალიხანოვი (რუსეთი)

3 დავუტ სელიმ ოლქანი (თურქეთი)

0.132785