საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია რუსეთის პრემიერლიგის მეექვსე ტურში ავტორიტეტულმა გამოცემა championat.com-მა გამოარჩია. აღნიშნული წყარო ყოველი ტურის შემდეგ ხუთ საუკეთესო სეივს ასახელებს და ქართველ კიპერს ამჯერად მეხუთე ადგილი ერგო.
ლორიამ “როსტოვთან” (1:2) წაგებული მატჩის მე-80 წუთზე მასთან პირისპირ გასულ სარდარ აზმუნს არ გაატანინა. აღსანიშნავია, რომ ლორიას ერთი სეივი მიმდინარე სეზონში ზემოხსენებულ ხუთეულში ყოველთვის ხვდება.
“გიორგი ლორია ჩვენი მუდმივი მონაწილეა – ამჯერად იგი “როსტოვის” თავდამსხმელ სარდარ აზმუნთან დუელში გამოვიდა გამარჯვებული. ასევე უნდა აღინიშნოს “კრილია სოვეტოვის” მცველის ქმედება, რომელმაც ლორია ამ მომენტში კარგად და დროულად დააზღვია”, - წერს რუსული გამოცემა.
გიორგი ლორიას “კრილიაში” წლეულს მართლაც კარგად ირჯება და განვილილი 6 ტურიდან ორჯერ ტურის სიმბოლურშიც მოხვდა. ამასთან მეკარეებს შორის, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალო შეფასება აქვს რუსული გამოცემებისგან.