აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადის ბოლოსწინა მე-10 ტური წარუმატებელი გამოდგა ქართული გუნდებისთვის. როგორც კაცთა, ასევე ქალთა ნაკრებებმა მარცხი განიცადეს.
ქართველი ვაჟები ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ შეხვედრაში მე-2 განთესვის მქონე აშშ-ს დაუპირისპირდნენ და 1.5:2.5 დამარცხდნენ. აღსანიშნავია მიხეილ მჭედლიშვილის (2609) შავი ფიგურებით გამარჯვება ჰიკარუ ნაკამურასთან (2789). ჩინებულ ფორმაში მყოფი ბაადურ ჯობავა (2665) თეთრებით ფაბიანო კარუანას (2808) დაუზავდა, ჩვენი გუნდის დანარჩენ წევრებს კი მარცხი შეემთხვათ: ლევან ფანცულაიამ (2601) ვესლი სოსთან (2782) წააგო, ხოლო თორნიკე სანიკიძემ (2497) – სამუელ შანკლანდთან (2679).
საქართველოს ნაკრებს 14 ქულა შერჩა და მე-11 ადგილზე დაქვეითდა. 18-18 ქულით აშშ და უკრაინა ლიდერობენ, 16 ქულა აქვს რუსეთს, შემდეგ კი, 15-15 ქულით კანადა, ინდოეთი, ნორვეგია, სლოვენია, ინგლისი, პერუ და იტალია მოდიან. დასკვნით მე-11 ტურში ქართველი მოჭადრაკეები თურქეთს ეთამაშებიან.
სამწუხაროდ, ლიდერთა ჯგუფს კიდევ უფრო დაშორდა საქართველოს ქალთა ნაკრები, რომელიც ოლიმპიადის ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრებოდა, თუმცა, ბოლო ტურის წინ, 13 ქულით მე-16 პოზიციაზე იმყოფება.
გასულ ტურში საქართველოს ნაკრებმა რუსეთთან პრინციპული დაპირისპირება 1.5:2.5 წააგო. წარმატებას მხოლოდ ნინო ბაციაშვილმა (2474) მიაღწია, რომელმაც ოლგა გირია (2452) დაამარცხა. ნანა ძაგნიძე (2522) ალექსანდრა კოსტენიუკთან (2538) დამარცხდა, ლელა ჯავახიშვილი (2486) – ვალენტინა გუნინასთან (2520), ბელა ხოტენაშვილი (2463) კი ალეკსანდრა გორიაჩკინას (2475) დაუზავდა.
10 ტურის თავზე ჩემპიონობასთან ძალიან ახლოსაა ჩინეთის ნაკრები, რომლის აქტივშიც 18 ქულაა. 16 ქულა აქვს რუსეთს, 15-15 ქულა მოაგროვეს პოლონეთმა, უკრაინამ, ინდოეთმა, უნგრეთმა, აშშ-მ და ბულგარეთმა.
მე-11 ტურში საქართველოს ქალთა ნაკრები ავსტრიას შეხვდება.