სხვა

21:10 | 11.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორბელიძის ვერცხლი ევროპის ჩემპიონატზე

პოლონურ ნოვი ტომისლში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა ძალოსნობაში 15 და 17-წლამდე იუნიორთა შორის. ტურნირში უკვე მოსინჯა ძალები გურამ გიორბელიძემ (56 კგ.), რომელმაც 17-წლამდე ვაჟთა ტურნირში საქართველოს 3 მედალი მოუტანა.

აღსანიშნავია, რომ გიორბელიძემ ექვსივე ცდა გამოიყენა. ქართველი ძალოსანი ატაცში 87, 90 და 92-კილოგრამიანი შტანგას გაუმკლავდა, ხოლო აკვრაში 110, 115 და 117 კგ. დასძლია.

ამ შედეგებით, გიორბელიძემ პირველ მოძრაობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მეორეში კი – ვერცხლი. საერთო ჯამში, გურამის მონაგარი 209 კგ. იყო და ის მხოლოდ ჩემპიონ ჩანერ ტოპტასს (თურქეთი, 223 კგ. 99+124) ჩამორჩა.

62 კგ, წონით კატეგორიაში B ჯგუფის მოგება მოახერხა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის გიორგი ასანიძის ვაჟმა კახი ასანიძემ. მისი შედეგი 220 კგ. (100+120) გახლდათ. საბოლოოდ, ის რომელ ადგილს დაიკავებს, A ჯგუფის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, იუნიორთა ევროპის ჩემპიონატზე კიდევ 7 ქართველი იასპარეზებს: 62 კგ – არჩილ მალაყმაძე, 69 კგ – ედუარდ კაკაბაძე, 77 კგ – ნოდარ კაკაბაძე, 85 კგ – ლაშა თაქთაქიშვილი, 94 კგ – ირაკლი ჩხეიძე, ზაზა ლომთაძე და +94 კგ – თორნიკე ტაბატაძე.

გუნდის მთავარი მწვრთნელია ზურაბ ანთაური.

0.239178