ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” სტარტი აიღო ტრადიციულმა სუპერტურნირმა სუმოში, რომელსაც დიდი დანაკლისი აქვს. მარცხენა მუხლის ტრავმის გამო, დოჰიოზე ვერ ვიხილავთ “თეთრ ფენიქსად” წოდებულ მონღოლ იოკოძუნა ჰაკუჰოს.
მის არყოფნაში, აკი ბაშოში 2 იოკოძუნა ჩაება და ერთმა მათგანმა პირველივე შერკინებაში წაიფორხილა: კაკურიუს ცოდვა კომუსუბი ტოჩიოძანმა დაიდო, რომელმაც ოშიდაში გამოიყენა. თავის მხრივ, დამაჯერებელი სტარტი ჰქონდა კიდევ ერთ მონღოლ იოკოძუნა ჰარუმაფუჯის. მან ბრაზილიელი კომუსუბი კაისეი ოშიდაშითვე დაჩაგრა.
ტრადიციულად, სექტემბრის სუპერტურნირში 2 ქართველი სეკიტორიც ჩაება და გამარჯვებას მხოლოდ ერთმა მათგანმა მიაღწია. გაგამარუს შიკონათი ცნობილმა თეიმურაზ ჯუღელმა, რომელიც აკი ბაშოს აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, დასავლეთის მე-12 მაეგაშირა ჰომარეფუჯი ოშიტაოშით დაამარცხა.
გაგამარუსთან შედარებით, გაცილებით მაღალი განთესვა აქვს ლევან გორგაძეს იგივე ტოჩინოშინს. მართალია, ის გასული ბაშოს წარუმატებლად დასრულების შემდეგ დააქვეითეს, თუმცა, დასავლეთის მე-2 მაეგაშირა გახდა და ტოკიოშიც პაექრობა უძლიერეს მეტოქეებთან მოუწევს. საწყის დღეს, რომელიც სუმოში ტორიკუმად იწოდება, ტოჩინოშინი ოძეკი გოეიდოს გაეჯიბრა და იორიტაოშით წააგო.
აკი ბაშოს მე-2 დღეს ტოჩინოშინი კიდევ ერთ ოძეკი კოტოშოგიკუს გაეჯიბრება, რომელსაც კარიერის განმავლობაში 25-ჯერ გადაჰყრია და დასაკვეხნი ცოტა თუ აქვს: 4 მოგება, 21 მარცხი. შედარებით იოლი დაპირისპირება ელის გაგამარუს. მისი მეტოქე აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირა სოკოკურაი (ჩინეთი) იქნება, რომელსაც ქართველი ურთიერთშეხვედრებში 6:2-ს უგებს.
გოეიდო - ტოჩინოშინი
გაგამარუ - ჰომარეფუჯი