ბლოგი

16:38 | 11.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე ოქრიაშვილის ფენომენი

თორნიკე ოქრიაშვილი არ არის და სამწუხაროდ ალბათ უკვე ვეღარც იქნება კარიერის მქონე ფეხბურთელი, რომელზეც მომავალში ბევრს ისაუბრებენ და სამწუხაროდ ისიც მჯერა, რომ ოქრიაშვილის ”ფენომენი” (თუკი ასე შეიძლება ვთქვათ) ძირითადად მხოლოდ მათ გაახსენდებათ, რომლებიც ქართველი ფეხბურთელების უცნაურობაზე დაიწყებენ საუბარსა და მსჯელობას. უცნაურობები კი ამ ბიჭს მართლაც რომ ზომაზე მეტად სდევს თან.

გასულ წლებში ოქრიაშვილი სამართლიანად ითვლებოდა ჩვენი ნაკრების ერთ-ერთ მთავარ იმედად და შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, რომ ჩვენს არცთუ ბევრისშემძლე ნაკრებში ეს ბიჭი ნამდვილად გამორჩეული იყო და მიუხედავად იმისა, რომ სასწაულები არ ჩაუდენია, ელემენტარულად კაცის მოტყუება და ბურთის ნორმალურად დარტყმა მაინც შეეძლო, რაც ესოდენ პრობლემური გახდა ამ ბოლო დროს საქართველოს ნაკრებისათვის.

ამის პარალელურად ვისაც კი არ ეზარებოდა, ყველა წერდა ოქრიაშვილის “საოცარი უნარების” შესახებ, რაც გაბუქებულთან ერთად ღიმილისმომგვრელი გახლდათ, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც ბურთს მესი, რონალდუ და ნეიმარი აგორებენ და ერთი საშუალო კლასის შემტევის ქება-დიდება სასაცილო ნამდვილად გახლდათ. მით უმეტეს, თუკი ამ ქებას არაქართველის თვალით შევხედავთ.

შემდეგ მოხდა ისე, რომ თორნიკეს ძალიან გაუმართლა და ჩაირიცხა საფეხბურთო კლუბ “გენკიში”, რომელიც შეიძლება ვერაა განსაკუთრებულად დიდი კლუბი, მაგრამ ბელგიის ჩემპიონატის ტრამპლინად გამოყენება ნამდვილად შეიძლებოდა და ამის არაერთი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოით.

ოქრიაშვილმა ყველაფერი უკუღმა და უცნაურად ქნა. ჯერ იყო და მწვრთნელათან მოუვიდა უთნხმოება, მერე რაღაც პერიოდი კონტრაქტის პირობები სრულიად მიივიწყა და საქართველოში გამოიქცა - აქაოდა ჩემმა მოძღვარმა დამიბარაო. ევროპელი პროფესიონალი მწვრთნელისთვის “მოძღვრის დაბარება” ბევრს რომ არაფერს ნიშნავს ეს ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ეს რატომღაც არავის უთხრა თორნიკე ოქრიაშვილს და საბოლოო ჯამში ისე მოხდა, რომ ჯერ უკრაინაში, შემდეგ კი ბელგიაში იმედისმომცემად სახელდებული ბიჭი თურქეთის ერთ-ერთ უსუსტეს და უფერულ კლუბ “ესქიშეჰირსპორში” გადავიდა, მაგრამ ქართველ ქომაგებს ამის შემდეგაც გვქონდა იმედები, რომ ოქრიაშვილის საგა ასე მარტივად არ დასრულდებოდა.

იმედები და მოლოდინები გამართლდა, როდესაც ამ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ თორნიკეს საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან კლუბ “მარსელის ოლიმპიკში” უხმეს. მაგრამ რად გინდა? ოქრიაშვილმა სამედიცონო ტესტი ჩააგდო და სამედიცონო შემოწმებებმა აჩვენა, რომ ამ ბიჭს თურმე გულის პრობლემები აქვს. სასწაულიც ესაა. თორნიკე ხომ გუშინ არ გამხდარა ფეხბურთელი. იგი წლების მანძილზე თამაშობდა საქართველოს ნაკრებში, ასევე საქართველოს, უკრაინის, ბელგიისა და თურქეთის საკლუბო ლიგებში და ყველა ამ კლუბში და ცხადია ჩვენს ნაკრებშიც სავარაუდოდ გავლილი ექნებოდა სამედიცონო ტესტირება და საოცარია რატომ აქამდე ვერ უპოვეს მას გულის პრობლემები? არადა ფრანგებმა ოქრიაშვილთან კონტრაქტზე უარის სწორედ ამის გამო განაცხადეს და ჩვენი იმედები ამ ბიჭთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ დაიმსხვრა.

ახლა კი, ოქრიაშვილმა კონტრაქტი რუსეთის საფეხბურთო კლუბ “კრასნოდართან” გააფორმა, რაც ზოგიერთ ქომაგს მნიშვნელოვან და წარმატებულ ნაბიჯადაც კი მიაჩნია, მაგრამ გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ რუსეთის ჩემპიონატი არის დასასრული ყველა იმ მოლოდინისა და იმედებისა, რასაც თორნიკე ოქრუაშვილზე ვამყარებდით და ესაა შეგუება ბედთან, რამეთუ ევროპისკენ მიმავალი გზა რუსეთზე ყველაზე ნაკლებად გადის და თუ გადის, ეს გზა მრუდეა და ოღრო-ჩოღრო. იმედია მე ვცდები...

0.13681