ფეხბურთი

19:08 | 10.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო მსაჯს აკრიტიკებს

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ პრემიერლიგის მე-4 ტურში მანჩესტერულ დერბიში “სიტისთან” “ოლდ ტრაფორდზე” განცდილი მარცხის (1:2) შემდეგ აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა შეხვედრის პირველ ტაიმში ცუდად ითამაშა. ამავდროულად, პორტუგალიელმა სპეციალისტმა მატჩის არბიტრი მარკ კლატენბურგიც გააკრიტიკა.

“ორი ტაიმი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული იყო. პირველ ნახევარში ჩვენი თამაში არ შეესაბამებოდა იმ დონეს, რომელიც საჭიროა ასეთი თამაშის მოსაგებად. საჭიროა უფრო სწრაფად ფიქრი და გადაწყვეტილებების დროულად მიღება. რამდენიმე ფეხბურთელი თამაშიდან ამოვარდნილი იყო, იოლად ვკარგავდით ბურთს, ვაგებდით ორთაბრძოლებს და შეცდომებისთვის დავისაჯეთ კიდეც. მეორე ტაიმში ვიქეცით გუნდად, რომელიც შედეგისთვის იბრძოდა და შესვენების შემდეგ გოლს ვიმსახურებდით. მსაჯმა ორი დიდი შეცდომა დაუშვა. ბრავო გაძევებას იმსახურებდა და პენალტი უნდა დანიშნულიყო. ჩემს მოთამაშეს მსგავსი რამ მოედნის ცენტრში რომ გაეკეთებინა, მას აუცილებლად გააძევებდნენ. გარდა ამისა, საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა ოტამენდიმ. ჩანდა, რომ ის ბურთს ხედავდა და შემთხვევითობა არ იყო” - განაცხადა მოურინიომ.

მანჩესტერულ დერბიში სამივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა - “სიტი” მე-15 წუთზე კევინ დე ბრუინის გოლით დაწინაურდა, 36-ე წუთზე იენაჩომ სტუმრების უპირატესობა გაზარდა, მასპინძელთაგან კი ერთადერთი გოლი 42-ე წუთზე ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გაიტანა.

0.136813