ჭიდაობა

19:17 | 9.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ხინჩეგაშვილი ლიდერია, პეტრიაშვილი მესამეზე ჩამოქვეითდა

რიოს ოლიმპიადის გამარჯვებული ვლადიმერ ხინჩეგაშვილი 57 კილოგრამი წონითი კატეგორიის რეიტინგში კვლავ პირველ ადგილზეა, ხოლო ბრინჯაოს მედლის მფლობელი გენო პეტრიაშვილი აბსოლუტურ წონაში მესამე პოზიციაზეა. ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციამ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა განახლებული რეიტინგი წარმოადგინა, სადაც ხინჩეგაშვილის პირველობა თავის წონაში არავის გაკვირვებია.

ლადო ბრაზილიაში პირველ ნომრად ჩავიდა და ოლიმპიადის მოგების შემდეგ ლიდერობა განიმტკიცა. მის წონაში მეორე პოზიციაზე გავიდა იაპონელი რეი ჰიგუჩი, რომელიც ფინალში ქართველთან დამარცხდა.

61 კილოგრამში ლიდერი დაულეტ ნიაზიმბეკოვია. ამ წონაში ბექა ლომთაძე მეშვიდე ადგილზეა, ასევე ოცეულშია შოთა პარტენაძე (19). 65-ში რიოს ოლიმპიადის მედალოსნებმა ადგილები გაინაწილეს. ლიდერი ოლიმპიადის რუსი ჩემპიონი სოსლან რამონოვია, მეორე და მესამე პოზიციაზე კი ტოგრულ ასგაროვი (აზერბაიჯანი) და ფრანკ ჩამისო (იტალია). ამ წონაში ზურაბ იაკობაშვილი მეთერთემტეა. 70 კილოგრამს რუსი მაგომედრასულ გაზიმაგომედოვი ლიდერობს, დავით ტლაშაძე ამ წონაში მეხუთეა.

2015 წლის მსოფლიოს ჩემპიიონატის ვერცხლისმედალოსანმა ჰასან იაზდანიმ ოლიმპიადა მოიგო და 74 კილოგრამში გალიდერდა. რიოში გამართულ ტურნირამდე იგი მეოთხე იყო. იაკობ მაქარაშვილი, რომელიც ოლიმპიადაზე მეოთხედფინალში დამარცხდა, მე-13 ადგილზეა.

2014 წლის შემდეგ პირველობას არ თმობს რუსი აბდულრაშიდ სადულიევი, რომელმაც 86 კილოგრამში ოლიმპიადაზე თურქ სელიმ იასარს შანსი არ დაუტოვა. ამ წონაში დათო მარსაგიშვილი მე-15 პოზიციაზეა, ხოლო რიოში პირველივე წრეში გამოთიშული სანდრო ამინაშვილი - მე-17.

97 კილოგრამი წონითი კატეგორიაში რეიტინგს კაილ შნაიდერი ლიდერობს. ამერიკელს აზერბაიჯანელი ხეთაგ გაზიუმოვი ჩამორჩება. რიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალთან ახლოს იყო ელიზბარ ოდიკაძე, თუმცა გადამწყვეტ მატჩში დამარცხდა და რეიტინგში ქართველი მეხუთე პოზიციას იკავებს.

აბსოლუტურ წონაში ევროპის მოქმედი ჩემპიონი და რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანი გენო პეტრიაშვილი მესამე ადგილზე თურქმა ტაჰა აკგულმა და ირანელმა კომეილ გასემიმ ჩამოაქვეითეს. აღნიშნული სპორტსმენები ოლიმპიადის ფინალში იყვნენ და გორელმა სპორტსმენმა პირველობა ამიტომაც ვერ შეინარჩუნა. სომხეთის სახელით მოასპარეზე ლევან ბერიანიძე მეხუთეზეა.

0.12663