ფეხბურთი

18:03 | 9.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნაკრებიდან ამისულაშვილის წასვლას ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები და ეროვნული გუნდის მწვრთნელი გამოეხმაურნენ

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველის ალექსანდრე ამისულაშვილის მიერ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გაკეთებულ განცხადებას, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, ვიცეპრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი გამოეხმაურნენ და ფეხბურთელს ნაკრებში გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.

ნაკრების თავკაცისა და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელთა კომენტარები სფფ-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნდა.

ლევან კობიაშვილი: „მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ალექსანდრეს. ყველა ფეხბურთელისთვის ძალიან ძნელია ამ გადაწყვეტილების მიღება. მან გადაწყვიტა, დაასრულოს სანაკრებო კარიერა, თუმცა რჩება ნაკრების გულშემატკივრად და ახლა უკვე ქომაგთა რიგებიდან გაამხნევებს ჩვენს ბიჭებს. დიდი მადლობა მას ნაკრებში თამაშისთვის და ზოგადად ქართულ ფეხბურთში შეტანილი წვლილისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ის დარჩება ჩვენთან ერთად ქართულ ფეხბურთში და თავის როლს შეასრულებს მის განვითარებაში.“

ალექსანდრე იაშვილი: „ალექსანდრე ამისულაშვილი 14 წლის განმავლობაში იცავდა საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას და მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მას ამისთვის. ალექსანდრე ძალიან გამოცდილი ფეხბურთელია, აქვს უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა და მისი დამოკიდებულება საქმის მიმართ სამაგალითოა ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის. ის ძალიან დააკლდება ჩვენს ნაკრებს როგორც მოთამაშე და როგორც ადამიანი.“

ვლადიმირ ვაისი: „ამისულაშვილი ძალიან კარგი ფეხბურთელი და ასევე ძალიან კარგი ადამიანია. მან ეს დაამტკიცა თავისი მრავალწლიანი კარიერის მანძილზე, როგორც ნაკრებში, ისე კლუბში თამაშისას. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ ის ტოვებს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, მან თავისი გადაწყვეტილების შესახებ შემატყობინა და ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია მისი გადაწყვეტილება. ის ძალიან გამოცდილი ფეხბურთელია და ამ ნახევარი წლის მანძილზე გვერდში მედგა. მისი აზრი, როგორც დიდი გამოცდილების მქონე მოთამაშის, ჩემთვის გასათვალისწინებელი იყო, განსაკუთრებით ნაკრების ფეხბურთელებთან ურთიერთობისას. ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ მომავალ საქმიანობაში და პირად ცხოვრებაში“.

ალექსანდრე ამისულაშვილის დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2002 წელს, სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში შედგა, მას შემდეგ, 2016 წლის ჩათვლით, მან ნაკრების მაისურით 50-ჯერ ითამაშა და 4 გოლი გაიტანა. 34 წლის ფეხბურთელმა სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განცხადება დღეს გააკეთა.

0.115465