13-18 სექტემბერს თბილისი ჭიდაობაში ჭაბუკებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. სპორტის ახალ სასახლეში გასამართი ექვსდღიანი შეჯიბრების პირველ და მეორე დღეს ხალიჩები ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს დაეთმობათ. მესამე და მეოთხე დღეს გოგონები გამოავლენენ მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორებს. ბოლოს კი საქმეში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან.
ბერძნულ-რომაულში 13 სექტემბერს მედლები 50, 54, 58, 63 და 100 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება. 14-ში კი დარჩენილ ხუთ წონაში: 42, 46, 69, 76 და 85 კილოგრამებში.
გოგონები შეჯიბრებას 38, 43, 49, 56 და 65 კილოგრამებით გახსნიან და 40, 46, 52, 60 და 70 კილოგრამებით დახურავენ. თავისუფლები კი დღეების მიხედვით ასე გადანაწილდნენ: 17 სექტემბერს 42, 50, 58, 69 და 85 კილოგრამები, ხოლო 18 სექტემბერს - 46, 54, 63, 76 და 100 კილოგრამები.
ევროპის წლევანდელ ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა 7 მედალი მოიპოვა. გიორგი შოთაძე (50 კგ) ჩემპიონი გახდა, ირაკლი ძიმისტარაშვილი (54 კგ) ვერცხლს დაეუფლა, გიორგი ჩხიკვაძე (42 კგ), ლერი აბულაძე (58 კგ), ქერიმ მაჩალიკაშვილი (63 კგ), გიორგი ქაცანაშვილი (85 კგ) და საბა ცეცხლაძე (100 კგ) - ბრინჯაოებს.
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთაგან პოდიუმზე მხოლოდ გიორგი ელბაქიძე (58 კგ) ავიდა, რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.