18 წლის ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე თელავში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) ერთეულთა შეჯიბრს გამოეთიშა.
ბოლქვაძე მერვედფინალში მე-4 ნომრად განთესილ რუს ვერონიკა კუდერმეტოვას გაეჯიბრა და სამსეტიან მატჩში 4:6, 6:4, 3:6 დამარცხდა. მერვედფინალურ შეხვედრას ხვალ ჩაატარებს სოფო ქვაცაბაია. მისი მეტოქე უკრაინელი დაიანა იასტრემსკა იქნება, რომელმაც საწყის რაუნდში პირველ ნომრად მიჩნეულ ეკატერინე გორგოძეს აჯობა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ჩოგბურთელები წყვილთა ტურნირშიც ითამაშებენ. გორგოძე და ქვაცაბაია მეოთხედფინალში რუსებს – ძალამიძეს და კუდერმეტოვას გაეჯიბრებიან, თათია მიქაძე და სოფო შაფათავა კი კიდევ ერთ რუსულ დუეტს (კომარდინა-მონოვა) გაეჯიბრებიან.