ამერიკის ღია პირველობის პირველი ნახევარფინალური წყვილი გამოვლინდა -მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ფრანგ გაელ მონფილსს შეხვდება.
მეოთხედფინალში ჯოკოვიჩი ჟო-ვილფრედ ცონგას 6:3, 6:2 უგებდა, რა დროსაც ფრანგმა ტრავმის გამო თამაში შეწყვიტა. პირველ ორ სეტში ცონგას არანაირი შანსი არ ჰქონია. ჯოკოვიჩმა 9 შესაძლებლობიდან 4 ბრეიკი შეასრულა.
მონფილმა მეოთხედფინალში თანამემამულე ფრანგი ლუკას პუიე 6:4, 6:3, 6:3 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ მონფილსმა წლევანდელ ამერიკის ღია პირველობაზე მეხუთე შეხვედრა მოიგო და აქამდე არც ერთი სეტი არ წაუგია.
ჯოკოვიჩი - მონფილსის ნახევარფინალური შეხვედრა 9 სექტემბერს თბილისის დროით 23:00 საათზეა ჩანიშნული. ურთიერთშეხვედრებში ნოლე ფრანგს 12:0-ს ამარცხებს.