სამხრეთ ამერიკაში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვე ტურის მატჩები გაიმართა და ლიდერი ისევ შეიცვალა. არგენტინის ეროვნულმა გუნდმა ვენესუელიდან მხოლოდ ქულა წამოიღო. ლიონელ მესის არყოფნის გამო, მოსალოდნელი იყო, რომ "ალბისელესტეს" სტუმრად გაუჭირდებოდა და 53-ე წუთზე 0:2-ს აგებდა, თუმცა თამაში შემოატრიალა და საბოლოოდ ამ გუნდებს შორის დაპირისპირებაში ფრე ისტორიაში პირველად დაფიქსირდა.
2001 წლის შემდეგ არგენტინამ პირველად შეძლო ორბურთიანი ჩამორჩენის შემდეგ ანგარიში გაეთანაბრებინა, მაშინ "ალბისელესტე" ბოლივიასთან აგებდა და საბოლოოდ მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა. ვენესუელამ კი მეტოქესთან ბალანსი გააუმჯობესა და იმაზე ერთით მეტით გოლი გაიტანა, ვიდრე ბოლო ოთხი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში.
არგენტინამ ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ საკვალიფიკაციო ეტაპზე ლიდერობა დათმო და პირველი ადგილი კვლავ ურუგვაიმ დაიბრუნა. ოსკარ ტაბარესის გუნდმა პარაგვაი შინ 4:0 დაამარცხა. ერთი გოლი და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა ლუის სუარესმა და საკვალიფიკაციო ეტაპზე "ბარსელონას" ფორვარდმა მე-18 გოლი გაიტანა. ამ მაჩვენებლით სუარესი მარსელო სალასს გაუთანაბრდა და მხოლოდ ერნან კრესპოს (19) ჩამორჩება. ედინსონ კავანიმ დუბლი შეასრულა და შესარჩევი ეტაპის ბოლო სამი გოლი სწორედ ლუისის გადაცემის შედეგად გაიტანა. ურუგვაის ლიდერებს სუარესს და კავანის ვიდეოთი გამარჯვება მიულოცა ხაირო ველასკესმა, რომელიც პაბლო ესკობარის დაქირავებული მკვლელი იყო და ციხეში დიდი ხნითაც იჯდა. კოლუმბიელმა დიდი პატივისცემა გამოხატა ფეხბურთელების მიმართ.
ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო ბრაზილიამ. "სელესაომ" შინ კოლუმბია 2:1 დაამარცხა. გოლები კი ამჟამინდემა კაპიტანმა მირანდამ და ექსკაპიტანმა ნეიმარმა გაიტანეს. "ბარსელონას" ერთ-ერთმა ლიდერმა შედეგიანი გადაცემაც შეასრულა. მესამე გოლიც ბრაზილიელის ანგარშზეა, საკუთარ კარში გოლი მარკინიოსმა გაიტანა. ნეიმარი ბრაზილიის ბოლო ხუთ გოლში 4-ჯერ მონაწილეობდა - ორი გოლი და ორი საგოლე გადაცემა. ამ გამარჯვებით მასპინძლებმა კოლუმბია მეოთხე ადგილზე დააქვეითეს.
პერუმ შინ ეკვადორი 2:1 დაამარცხა. მასპინძლები მე-19 წუთზე დაწინაურდნენ და აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო ეტაპებზე როდესაც პერუ შინ პირველი იტანდა გოლს, მხოლოდ ერთხელ აქვს წაგებული, ისიც ეკვადორთან 2001 წელს (1:2). სხვა შემთხვევებში პერუს შინ არ წაუგია. მეხუთე მატჩში კი კოპა ამერიკის ბოლო ორი გათამაშები გამარჯვებულმა ჩილემ შინ ბოლივია ვერ დაამარცხა.
ვენესუელა - არგენტინა 2:2 (VIDEO)
ბრაზილია - კოლუმბია 2:1 (VIDEO)
პერუ - ეკვადორი 2:1 (VIDEO)
ურუგვაი - პარაგვაი 4:0 (VIDEO)
1. | ურუგვაი | 8 | 5 | 1 | 2 | 16:5 | 16 | |
2. | ბრაზილია | 8 | 4 | 3 | 1 | 16:9 | 15 | |
3. | არგენტინა | 8 | 4 | 3 | 1 | 9:6 | 15 | |
4. | კოლუმბია | 8 | 4 | 1 | 3 | 12:10 | 13 | |
5. | ეკვადორი | 8 | 4 | 1 | 3 | 13:12 | 13 | |
6. | პარაგვაი | 8 | 3 | 3 | 2 | 9:11 | 12 | |
7. | ჩილე | 8 | 3 | 2 | 3 | 13:12 | 11 | |
8. | ბოლივია | 8 | 2 | 1 | 5 | 9:13 | 7 | |
9. | პერუ | 8 | 2 | 1 | 5 | 8:15 | 7 | |
10. | ვენესუელა | 8 | 0 | 2 | 6 | 9:21 | 2 |