საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი კარიერას “კრასნოდარში” გააგრძელებს. როგორც რუსული გუნდის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, 24 წლის ქართველსა და კლუბს შორის კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია და ფეხბურთელი რუსეთში მიმდინარე კვირის ბოლომდე ჩავა, რის შემდგომაც ხელშეკრულებას გააფორმებს. თუ რამდენი ხნით დარჩება თორნიკე რუსეთში, ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, ოქრიაშვილი ძალზე ახლოს იყო მარსელის “ოლიმპიკში” გადასვლასთან, თუმცა ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა. 31 აგვისტოს კი, ბელგიურ “გენკთან” ფეხბურთელმა კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა. შესაბმისად, “კრასნოდარს” იგი თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
სხვათა შორის, ეს გუნდი რუსეთის პრემიერლიგაში ერთ-ერთი მოწინავეა და ევროპა ლიგის ჯგუფშიც ასპარეზობს, სადაც მისი მეტოქეები ავსტრიული “ზალცბურგი”, ფრანგული “ნიცა” და გერმანული “შალკე” იქნებიან. აქვე იმასაც გეტყვით, რომ “კრასნოდარს” ცოტა ხნის წინ, კიდევ ერთი ქართველის, სოლომონ კვირკველიას გადაბირება სურდა.