ფეხბურთი

15:07 | 6.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

შეფასება: ფრთხილი ტაქტიკა, არასაიმედო კაპიტანი და დამაჯერებელი კაშია

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ავსტრიასთან საშინაო მარცხით დაიწყო – ვერ ვიტყვით, რომ მაინდამაინც უშანსოდ ვიყავით და უნდა წაგვეგო, მაგრამ ფაქტია, მეტოქემ 3 ქულა აიღო, ჩვენ – 0.

WORLDSPORT.GE წარმოგიდგენთ გუშინდელ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა შეფასებას. შევეცდებით, ვიყოთ მაქსიმალურად ობიექტურები თითოეულ ფეხბურთელთან მიმართებაში...

გიორგი ლორია 5 – გიორგი ლორია სანაკრებო მატჩს კარგ ფორმაში შეხვდა და გულშემატკივარი მასზე დიდ იმედს ამყარებდა. თუმცა, ლორიას გუშინ მაღალ დონეზე არ უთამაშია. რატომ? – გავიხსენოთ გაშვებული გოლები. ვერცერთ ეპიზოდში სამწუხაროდ, გიორგიმ კარიდან გამოსვლის მომენტი სწორად ვერ შეარჩია და უკეთ მოქმედება შეეძლო. რამდენჯერმე ბურთის ამოტანისას უხეშად შეცდა და ჩვენი შეტევის შესაძლებლობა დაიკარგა. მეორე ტაიმის დასაწყისში კი, მარკ იანკოს პირისპირ აუღო. მაგრამ, ეგ იყო და ეგ...

უჩა ლობჟანიძე 5.5 – ახალი არაფერი გვინახავს – ლობჟანიძეს შეტევაში ჩართვა (რაც განაპირა მცველის პირდაპირი მოვალეობაა თანამედროვე ფეხბურთში) უჭირს. დაცვაშიც ვერ იყო დამაჯერებელი – მეორე გოლის დროს მარკო არნაუტოვიჩი მისი ფლანგიდან გაიქცა. პირველ ტაიმში, ერთ ეპიზოდში კი კარგად ჩაერთო შეტევაში, მაგრამ იქ დამაგვირგვინებელ ფაზაში თანაგუნდელებმა მხარ ვერ აუბეს.

სოლომონ კვირკველია 6 – კვირკველია კარგა ხნის უთამაშებელი გახლდათ. იყო რამდენიმე პოზიციური შეცდომა, თუმცა საერთო ჯამში ტანმაღალი მცველი თავის პოზიციაზე სხვებთან შედარებით უკეთ ირჯებოდა.

ალექსანდრე ამისულაშვილი 5 – როდესაც გუნდის კაპიტანი ხარ, მაშინ შენგან უფრო მეტს მოელიან. გამოცდილ ფეხბურთელს საუკეთესო თამაში არ უჩვენებია. რამდენჯერმე უხეშად შეცდა. მეორე გოლი კი, ყველაზე მეტად მის სინდისზეა – იანკო ისე გაექცა, რომ არ ეპატიება. პირველივე ნახევარში ძალიან კარგი შანსი მიეცა გოლის გატანის, თუმცა ახლო მანძილიდან კარში ვერ მოახვედრა ტყავის სფერო. იქნებ დროა, ვლადიმირ ვაისმა სხვა ვარიანტზე იფიქროს?!

გიორგი ნავალოვსკი 6 – ნავალოვსკი როგორც ყოველთვის მოედნის თითოეული გოჯისთვის იბრძოდა. სწორედ ეს ბრძოლისუნარიანობაა ის, რაც მასში ქომაგებს მოსწონთ. შეტევაშიც აქტიურად ცდილობდა ჩართვას და რამდენჯერმე სახიფათოდაც ჩააწოდა.

გურამ კაშია 6.5 – კაშიას თავისთვის ჩვეულ პოზიციაზე არ უთამაშია და მიუხედავად ამისა, მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო. რამდენიმე ეპიზოდში სახელოვანი ვიზავი დავიდ ალაბა პირწმინდად დაჯაბნა კიდეც. პირველი ტაიმის შუაწელს კი, ჯანო ანანიძე ჩინებული პასით ლამის მეკარეს შეატოვა, შემტევმა ვეღარ ივარგა, თორემ გოლი გარდაუვალი იქნებოდა.

ბუბა დაუშვილი 6 – არაფერი დაეწუნებოდა დაუშვილსაც. საერთოდ საყრდენმა ნახევარმცველებმა სხვებთან შედარებით კარგად ითამაშეს. ბუბაც ბრძოლით გამორიჩა მოედანზე და იულიან ბაუმგარტლინგერსა და ალაბას არაფერს უთმობდა მარტივად.

ჯაბა ჯიღაური 5.5 – ორი განსხვავებული ტაიმი ჩაატარა – პირველ 45 წუთში შესამჩნევი ფიგურა იყო და საქართველო შეტევაში თუ რამეს ქმნიდა, დიდწილად მისი დამსახურება იყო. ერთ ეპიზოდში კარშიც ზუსტად დაარტყა ეფექტურად, ახლო მანძილიდან, მაგრამ ოდნავ სუსტად და ვერ შეაგდო. იყო მომენტები, როდესაც მცველებს ადვილად უმკლავდებოდა, მოკლედ გამწვავებას ხშირად ცდილობდა. თუმცა, მეორე ნახევარში ასეთი პროდუქტიული ვეღარ იყო და ერთი ხანობა მის მოედანზე ყოფნა-არყოფნას ვერც კი შენიშნავდით.

ჯანო ანანიძე 7 – ალბათ, მოედანზე საუკეთესო იყო მასპიძნელთაგან და გასაკვირიც არაფერია. ჯანო ისე ფეხბურთელია, ვინც ახლა ყველაზე კარგ ფორმაში ქართველებიდან. პირველი ნახევარი შედარებით ცუდად ჩაატარა. მეორე ნახევარში კი, გამწვავებას გაცილებით ხშირად სცდილობდა. ლამაზი გოლიც შეაგდო, მანამდეც ჰქონდა კარგი მომენტი, როცა ააცილა. საერთოდ, რობერტ ალმერისთვის შორი დისტანციიდან ხშირად რომ დაგვერტყა, იქნებ უფრო მართებული ყოფილიყო.

ვაკო ყაზაიშვილი 6.5 – ვაკო ძალიან მონდომებული გახლდათ. არცთუ იშვიათად ნახავდით ეპიზოდს, როცა “ლეგიას” ახალწვეული ორ-სამ მეტოქეს შორის მოქცეული ბურთს ინარჩუნებდა და ნაკრებს შეტევის შანსს უტოვებდა. ერთ ეპიზოდში გოლთან ახლოს იყო, უბრალოდ ოდნავ არ გაუმართლა – ძელს მოხვდა მისი თავური. მერე საჯარიმოში მეტეორივით შეიჭრა და დაეცა, იქნებ პენალტიც იყო, თუმცა...

ვლადიმერ დვალიშვილი 5 – დვალიშვილმა თამაში მარცხენა გარემარბის პოზიციაზე დაიწყო და ცენტრფორვარდად ვაკო მოქმედებდა. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ლადოს ეს იდეალურად გამოსდიოდა. ვერც აქტიურობდა და ვერც სხვა რამით გამოირჩა. შესაბამისად, ლოგიკური იყო, რომ ვაისმა იგი პირველი შეცვალა.

დავით სხირტლაძე 5.5 – დვალიშვილის ნაცვლად შევიდა მოედანზე, თამაში ოდნავ გაამწვავა, მაგრამ მაინც მეტი შეიძლებოდა. თუნდაც, როდესაც ყაზაიშვილმა ხელსაყრელ პოზიციაში დატოვა, მაგრამ ახალგაზრდა ფორვარდმა ცუდად ითამაშა - ბურთი მეტოქეს ჩააბარა, თან არაზუსტი გადაცემით. მიუხედავად ამისა, საგოლე პასი მის ანგარიშზეა. ნურც ის დაგვავიწყდება, რომ მას გუშინ დებიუტი ჰქონდა.

თორნიკე ოქრიაშვილი შ.გ. – როგორც ვაისმა თქვა, ამჟამად ოქრის 20 წუთზე მეტი დროის თამაში არ შეუძლია. სწორედ ამიტომ იყო, რომ ჩვენი ათიანი მოედანზე 76-ე წუთზე გამოჩნდა. ცდილობდა აქტიურობას, გამწვავებას, მაგრამ ეტყობოდა, რომ ფორმაში არაა.

გიორგი ჭანტურია შ.გ. – მას კიდევ უფრო ცოტა დრო მიეცა თავის გამოსაჩენად, თუმცა ერთ-ორ ეპიზოდებში დაახანა, პასის გაკეთებაც დაენანა და კარში დაარტყა. არადა, სხვა გაგრძელება უფრო ლოგიკური იქნებოდა. სხვათა შორის, ვაისმა მატჩის მერე, მასზეც ცალკე ისაუბრა...

ვლადიმირ ვაისი 5 – თავიდან ვთქვათ, რომ ნაკრებს რამდენიმე ფეხბურთელი აკლდა, ისეთი, სასტარტოში რომ ვიხილავდით, მაგრამ... თამაშისთვის შერჩეული ტაქტიკა ზედმეტად ფრთხილი იყო, ცვლილელები, განსაკუთრებით ბოლო ორი, დაგვიანებული. თუმცა, სლოვაკმა ეს გადაწყვეტილება ასე გაამართლა: 0:2-ზე რომ გამეკეთებინა ის ცვლილებები, ალბათ უფრო დიდი ანგარიშით წავაგებდითო. ასევე გაამართლა ნიკა კვეკვესკირის არდაყენება. მისი თქმით, ავსტრიას მაღალი დონის შემტევი ჰყავს და ორი, უფრო დაცვაზე ორიენტირებული საყრდენი ამჯობინა. თუმცა, კარგად გამოჩნდა, რომ მეტი სითამამით, მარსელ კოლერის გუნდის ძლევა შეუძლებელი არ იქნებოდა...

0.224342