საქართველოს საკალათბურთო ნაკრები 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ერთ-ერთი გადამწყვეტი მატჩის მოლოდინშია. 7 სექტემბერს ილიას ზუროსის შეგირდები F ჯგუფში უმთავრეს კონკურენტ ჩერნოგორიას დაუხვდებიან და გამარჯვების შემთხვევაში, ფინალური ეტაპისკენ უდიდეს ნაბიჯს გადადგამენ. ჩერნოგორიელი კალათბურთელები უკვე თბილისში იმყოფებიან და მომავალი ჯახისთვის სპორტის სასახლეში ემზადებიან.
შეგახსენებთ, რომ ჩერნოგორიელებმა ქართველთა მსგავსად, ევრობასკეტ-2017-ის საკვალიფიკაციო რაუნდის საწყისი 2 ტური დამაერებლად განვლეს. ბოგდან ტანიევიჩის შეგირდებმა შინაურ კედლებში სლოვაკეთი 97:65 გაანადგურეს, შემდეგ კი, სტუმრად, ალბანეთშიც იოლად იმარჯვეს – 113:73. ჩერნოგორიელებმა გასული ევროპის ჩემპიონატი გამოტოვეს, ახლა კი, შეცდომის გამეორება აღარ სურთ.
მომავალი თამაშის შესახებ კომენტარი 24 წლის ფორვარდმა მარკო ტოდოროვიჩმა (სიმაღლე 210 სმ.) გააკეთა, რომელმაც გასული სესზონი რუსულ “ხიმკიში” გაატარა, ამიერიდან კი ესპანურ “ბილბაოში” ითამაშებს.
“შესარჩევი ციკლის სტარტზე 2 დამაჯერებელი გამარჯვება ვიზეიმეთ, ახლა კი, ყველაზე რთული შეხვედრის მოლოდინში ვართ. საქართველოს ჩინებული ნაკრები ჰყავს, რომლის დამარცხებაც რთული საქმე იქნება. ცხადია, რომ ჯგუფის გამარჯვებულის ვინაობა ჩვენი და ქართველების დაპირისპირებაში გაირკვევა.
მათ არაერთი ძლიერი მოთამაშე ჰყავთ და ისიც ვიცით, რომ თბილისში საოცარი მხარდაჭერა ექნებათ. სხვა საქმეა, რომ ჩვენ სავსე ტრიბუნების წინაშე თამაშს მიჩვეულნი ვართ და ამ ზეწოლას ახლაც უნდა გავუმკლავდეთ. ერთი ნაღდია, რომ ამ მატჩზე მოსული ქომაგი კარგ თამაშს იხილავს”.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს და ჩერნოგორიის საკალათბურთო ნაკრებთა მატჩი 7 სექტემბერს 19:00 საათზე დაიწყება და თუკი ბილეთების გაყიდვის ტემპს გავითვალისწინებთ, თბილისის სპორტის სასახლეში სრული ანშლაგია მოსალოდნელი.