საქართველოს ნაკრების მცველი გურამ კაშია ფიქრობს, რომ ავსტრიასთან მატჩში წაგება არ დაუმსახურებიათ. როგორც „ვიტესის“ კაპიტანმა აღნიშნა, ჩვენი ქვეყნის პირველმა გუნდმა მეტოქესთან შედარებით, მეტი საგოლე მომენტი შექმნა.
„მეორე ტაიმი უკეთ ვითამაშეთ და ალბათ, ყველა კმაყოფილი უნდა იყოს. პირველ ტაიმში კი, დასანანი გოლები გავუშვით, უმიზეზოდ. საერთო ჯამში, ჩვენ უფრო მეტი უნდა გაგვეტანა წესით. გუნდს არაფერი დაუკლია დღეს, ეს ფეხბურთია - არის მომენტები, როდესაც პოზიციურად ზუსტად ვერ თამაშობ“, - თქვა კაშიამ.
გურამ კაშიას დღეს, თავის ჩვეულ პოზიციაზე არ უთამაშია - იგი საყრდენ ნახევარმცველად ირჯებოდა.