ფეხბურთი

23:00 | 5.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: "შრომას თუ გავაგრძელებთ, მჯერა, წარმატების მოსვლის"

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ავსტრიასთან (1:2) მატჩი შეაფასა. როგორც სლოვაკმა სპეციალისტის თქმით, იგი კმაყოფილია თავისი გუნდის თამაშით და თუ ასე გააგრძელებენ მუშაობას, შედეგის მოსვლისაც სწამს.

ვაისის განცხადებით, მარცხი პოზიციური შეცდომების შედეგად გაშვებული გოლების ბრალია. სხვა მხრივ კი, მან თავისი ფეხბურთელები შეაქო.

თამაშის შეფასება - თამაშის შემდეგ როგორც წესი ემოციები სჭარბობს, მაგრამ ამჯერად ასე არ მოვქცეულვარ, რადგან მათი თამაშით კმაყოფილი ვარ. ჩემი დავალებები ფეხბურთელებმა კარგად შეასრულეს. გოლები კი, ორი პოზიციური შეცდომის შედეგად გავუშვით ცენტრალური მცველებისა და მეკარის მხრიდან. ვფიქრობ, ცუდად არ გვითამაშია და კარგი მომენტებიც გვქონდა, ისევე როგორც მეტოქეს. დღევანდელი თამაში მაძლევს იმის ოპტიმიზმს, რომ შემდეგი თამაშებისადმი კარგად განვეწყოთ. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ თუ ასე გავაგრძელებთ მუშაობას, წარმატებაც მოვა.

ნიკა კვეკვესკირის უთამაშებლობა - ბუბა დაუშვილმა დღეს ჩემი აზრით, კარგად ითამაშა. მან ზუსტად შეასრულა ის დავალებები, რაც მივეცი. მის მეწყვილედ კი, გადავწყვიტე, რომ გურამ კაშია დამეყენებინა, რადგან ავსტრიას რამდენიმე მაღალი დონის შემტევი ჰყავს და მათი გაჩერება იყო საჭირო. სწორედ ამიტომ არ ვათამაშე კვეკვესკირი. ჯანო ანანიძემაც მაღალ დონეზე ითამაშა და როგორც იქნა, თავისი შესაძლებლობები ნაკრებშიც გამოაჩინა. თორნიკე ოქრიაშვილი კი ორი თვის უვარჯიშებელი გახლდათ, იგი ცვლილებაზე შევიყვანე და თავის მხრივ ყველანაირად შეეცადა თამაშში სიმწვავე შეეტანა.

მცველების თამაში - საკმაოდ უხეში შეცდომები დავუშვით გოლების დროს გეთანხმებით. ჩვენს მცველებს ბურთი ისე ვერ ამოაქვთ, როგორც მაგალითად „ბარსელონას“ მცველებს. ავსტრიაც ჩვენი პირველივე პასების დროს აქტიურ პრესინგს მიმართავდა, რაც დაუშვილამდე და კაშიამდე ბურთის მიტანას ართულებდა.

დაგვიანებული შეცვლები და ინდივიდუალური შეტევები - მე პირადად ასე არ ვფიქრობ. ჩემი აზრით, საკმაოდ კარგად ვთამაშობდით კომბინაციურ ფეხბურთს. შეცვლებს რაც შეეხება, ოქრიაშვილს ამჟამად 20 წუთზე მეტის თამაში არ შეუძლია. უფრო ადრე რომ გამეკეთებინა შეცვლები, შესაძლოა, დიდი ანგარიშით წაგვეგო. სხირტლაძის შემოყვანით ვფიქრობდი, რომ უფრო აქტიურად ჩაერთვებოდა და შეტევას გაამწვავებდა.

ამისულაშვილის შეცდომები და ჭანტურიას ხისტი ხასიათი - როდესაც გუნდი აგებს, კრიტიკა რა თქმა უნდა, ბუნებრივია და ამას ჩემს თავზე ვიღებ. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამდენი საგოლე მომენტი თან ასეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ კარგა ხანია არ მახსენდება. რაც შეეხება ამისულაშვილს, ვფიქრობ, მან კარგად ითამაშა. ამასთან, მე ვერ დავეყრდნობი მხოლოდ ახალგაზრდა ფეხბურთელებს. რომ მქონდეს, 10-წლიანი კონტრაქტი ეს კიდევ შესაძლებელია. პოზიციური შეცდომა მთელი დაცვის ხაზის იყო და მათ შორის მეკარის. გიორგი ჭანტურიას რაც შეეხება, იგი ძალიან ემოციური მოთამაშეა. ეს, მისი მენტალიტეტია, რისი შეცვლაც მე არ შემიძლია. თუმცა, ვეცდები ფეხბურთთან მისი დამოკიდებულება შევცვალო. ვნახოთ ამისგან რა გამოვა - ან ითამაშებს ფეხბურთს, რადგან ნიჭიერია, ან არა და ნაკრებში აღარ ითამაშებს.

ავსტრიისთვის დათმობილი ბურთი და გიორგი არაბიძე - უნდა გავითვალისწინოთ, მეტოქის შესაძლებლობები და ჩვენი. უნდა შევადაროთ, სად თამაშობენ მათი ფეხბურთელები და ჩვენი. ვითამაშეთ დაახლოებით იგივე შემადგენლობით, რითაც ესპანეთთან. ჩავთვალე საჭიროდ იგივე ტაქტიკით გვეთამაშა. გიორგი არაბიძეს ვიცნობ, ვაკვირდები მას და ამ დღეებში ვაპირებ მამამისთან დალაპარაკებას, რადგან როგორც გავიგე გარკვეული პრობლემები არსებობს. ის ძალიან ნიჭიერია, გავესაუბრები და არის თუ არა მზად ნაკრებისთვის, გავიგებ - ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას. აქვე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებმაც მხარი მთელი თამაში დაგვიჭირეს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მეორე შეხვედრას ზუსტად ერთ თვეში, 6 ოქტომბერს, ირლანდიასთან სტუმრად ჩაატარებს.

0.135607