ბლოგი

13:10 | 5.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

რა დგას მესის შეცვლილი იმიჯის უკან?

ჩვენს დროში თმის ყვითლად შეღებვა აბა ვის უკვირს? მით უმეტეს, მავანნი იძახიან, გარეგნობის რადიკალური და მკვეთრი შეცვლა სტრესებს ხსნისო და ჩვენც ისღა დაგვრჩენია ვირწმუნოთ, რომ თმის შეღებვაში რაღაც მართლაც ყრია, მაგრამ ლეო მესისთანა ბუნების ადამიანისაგან ასეთი ნაბიჯი ცოტა არ იყოს უცნაური და უფრო მეტიც – დაუჯერებელია!

განა რამეა! მიხვალ სალონში, გადაიხდი ფულს, შეუშვერ კეფას სტილისტ-პარიკმახერს და სურვილის მიხედვით ერთ საათში თუ გინდა შაბანი ნონდას დაემსგავსები, მაგრამ ამ გადაწყვეტილების უკან თავისი მიზეზები ხომ დგას? ასე ხელაღებით არავინ იცვლის ზნესა და შეხედულებებს, მით უმეტეს ისეთი თავმდაბალი და უთქმელი კაცი, როგორიც არგენტინელი ლეო მესია, რომელიც ეპატაჟურობით არასოდეს გამოირჩეოდა.

თავად ლაიონელი იძახის, უბრალოდ გარკვეული ცვლილებების შეტანა მსურდა ჩემს ცხოვრებაში და თმაც იმიტომ მივუგდე საჯიჯგნად სტილისტებსო და ეს შეიძლება სულაც არ იყოს მთლად მოგონილი ამბავი. მაგრამ რატომ ახლა და ამ ჟამს, როდესაც მესის არცთუ კარგი პერიოდი უდგას...

ყველაფერი ალბათ მაინც 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალიდან დაიწყო. ლეო მესის ყველა მარადონობას უწინასწარმეტყველებდა და ყველა იძახდა, სწორედ ეს ფინალია წყალგამყოფი და ამის შემდეგ, მესის დიდ დიეგომდე გზა უკვე გაკვალული ექნებაო. ყველაფერი კი სრულიად საპირისპოროდ მოხდა. მთელი თამაში მესი მწვანე მინდორზე დოინჯშემოყრილი დააბიჯებდა და მოტივირებულმა გერმანიის ნაკრებმა ის ქნა რაც უნდა ექნა.

ამას მოჰყვა ზედიზედ ორი მარცხი კოპა ამერიკის ფინალში და ორივეჯერ ჩილეს ეროვნულ გუნდთან. ამ ფინალებშიც ყველა მესის გარდამტეხ თამაშს და მის კარიერაში ახალ გამონათებას ელოდა, მაგრამ არგენტინის გუნდმა ლეო მესის თამადობით ვერც ჩილელებთან ივარგა. ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატში და ჩემპიონთა ლიგაზე მესის მიერ ჩაგდებულ თამაშებზე აქ მოდით ნუღარ ვილაპარაკებთ, რადგან ის ყველაფერი მაინც წვრილმანია ზედიზედ წაგებულ სამ ფინალთან შედარებით. ბოლოს ამას საერთოდ სასწაული მოჰყვა. ლეო მესიმ არგენტინის ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადა!

მართალია მესის ეს გადაწყვეტილება თვენახევრის შემდეგ არგენტინის პრეზიდენტმა შეაცვლევინა და ეს ფაქტი არგენტინის ნაკრების ბევრმა ქომაგმა დიდი ზარზეიმით აღნიშნა, მაგრამ როდესაც ადამიანი (სულ რომ თვალშეუდგამი სიდიადის ვარსკვლავი იყოს) საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებზე უარს გაბუტული ბავშვივით ამბობს და პასუხისმგებლობას გაურბის, რთულია მან სერიოზული ადამიანის შთაბეჭდილება დატოვოს. ეს არაა მხოლოდ გართობა და ბურთის კოხტად გაგორება, ეს მესის სამშობლოა, რომელსაც დამერწმუნეთ არაფერი დაუშავებია და ამდენი ჩავარდნილი ფინალის შემდეგ მესისთვის ობსტრუქციები მაინც არ მოუწყვია. ამას დაფასება ჭირდება. მესიმ კი სულ სხვანირად განსაჯა. რატომ არ ვიცი...

ერთი სიტყვით, მესი ნაკრებში დაბრუნდა სულ სხვა იმიჯით და როგორც თავად ამბობს სულ სხვა მოტივაციით. საფეხბურთო თვალსაზრისით რამდენად განსხვავებულ მესის ვნახავთ სტადიონზე - ეს სულ მალე გამოჩნდება. გარეგნულად კი პროვინციელ ბიბლიოთეკარს დაემსგავსა – მუდამ სამყაროზე რომაა განაწყენებული და სახლში წიგნებს რომ არავის ატანს...

0.290032