ფეხბურთი

1:06 | 5.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვიწყებთ ტრადიციულად, გაგრძელება არატრადიციული გვჭირდება...

საქართველოს ნაკრებისთვის მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი იწყება. აქ, თბილისში, ავსტრიის ნაკრების წინააღმდეგ. სურათი უცვლელია – ახალი საკვალიფიკაციო ეტაპი, ახალი იმედი – შეიძლება ითქვას, ეს უკვე ტრადიციად ჩამოგვიყალიბდა და კიდევ უფრო დიდი იმედი გვაქვს, რომ სხვა მხრივ ტრადიცია არ გაგრძელედება და ეგებ, ეს შესარჩევი ციკლი მაინც გამოდგეს ჩვენთვის იღბლიანი, წარმატებული. ყოველივე ეს კი, დიდად იქნება დამოკიდებული დასაწყისზე – ეჭვგარეშეა კარგი სტარტი საქმეს ერთი-ორად აადვილებს და ამიტომაც, ავსტრიასთან მატჩი ორმაგ დატვირთვას იღებს...

მანამდე კი, ვნახოთ რა სიტუაციაა – საკადრო მდგომარეობით დავიწყოთ:

ჯაბა კანკავა, გიორგი ქვილითაია, ლევან ყენია, ოთარ მარცვალაძე, ლევან მჭედლიძე, გიორგი აბურჯანია – ეს იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალია, რომლებიც ნაკრებს ტრავმების გამო დააკლდნენ. როგორც ვლადიმირ ვაისმა თქვა, ეს დაახლოებით ისეთივე დანაკლისია ჩვენთვის, როგორც მაგალითად ავსტრიისთვის, დავიდ ალაბას, მარკო არნაუტოვიჩის ან ალექსანდრ დრაგოვიჩის არყოფნა იქნებოდა. თუმცა, მაინც იმედიანადაა განწყობილი და ფიქრობს, რომ “ჯვაროსნებს” წარმატების მიღწევა შეუძლიათ.

კარის ხაზი – გაცვეთილი ფრაზაა, რომ კარგი მეკარე ნახევარი გუნდიაო და მაშინ, სხვა თუ არაფერი, ნახევარი გუნდი ვყოფილვართ – გიორგი ლორია ჩინებულ ფორმაში ხვდება ამ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას. მას რუსეთის პრემიერლიგაში არაერთი გამორჩეული თამაში ჰქონდა უკვე მიმდინარე სეზონში. საერთოდ, აქ კითხვის ნიშანი არაა – სლოვაკმა სპეციალისტმა ჯერ კიდევ ორი კვირის წინ დააანონსა, რომ კარს ლორია დაიცავდა.

დაცვის ხაზი – მარჯვენა ფლანგზე ორი ვარიანტია: უჩა ლობჟანიძე და ოთარ კაკაბაძე. სიმართლე ვაღიაროთ და არათუ გვილხინს, ძალიან გვიჭირს ამ პოზიციაზე. ლობჟანიძის მიმართ კრიტიკა გულშემატკივრებში თამაშიდან თამაშამდე მატულობს, ხოლო კაკაბაზე ნიჭიერია, მაგრამ სანაკრებო დონეზე ჯერ თავი ვერ დაგვამახსოვრა. ამასთან, ტარაგონას “ხიმნასტიკში” ორი ტურია განაცხადშიც ვერ ხვდება. ამავე პოზიციაზე თამაში ნიკა კვეკვესკირსაც შეუძლია, მაგრამ “გაბალას” “ტრეკვარტისტა” კარგა ხანია ნახევარდაცვაში ირჯება და თან მოცემულ მომენტში ნაკრებს იქ უფრო სჭირდება. საპირისპირო ფლანგზეც დაახლოებით იგივე სიტუაციაა – გიორგი ნავალოვსკისა და ზურაბ ცისკარიძეს შორის მოუწევს ვაისს არჩევა. ფავორიტი ბერძნული “ვერიას” განაპირა მცველია. ცენტრალურ წყვილს რაც შეეხება, გურამ კაშიას დღეს დიდი ალბათობით საყრდენის პოზიციაზე ვიხილავთ, ხოლო დაცვის ცენტრს ალექსანდრე ამისულაშვილი და საბა კვირკველია გაამაგრებენ. ეს უკანასკნელი კლუბში კონფლიქტის გამო თამაშს დანატრებულია, არადა, მისი შესაძლებლობები კარგად მოგვეხსენება. ამისულაშვილის სასახელოდ კი, ლაშა დვალთან შედარებით, მხოლოდ გამოცდილებას თუ მივიჩნევთ – ალბათ, ვაისიც ამიტომ ენდობა...

ნახევარდაცვის ხაზი – ყველაზე დიდი დანაკლისი ამ პოზიციაზე გვაქვს: კანკავასა და აბურჯანიას არყოფნაში ძირითადში უნდა ვიხილოთ ნიკა კვეკვესკირი. საერთოდ, იგი პროგრესირებს – ახლახან დიდი როლი ითამაშა აზერბაიჯანული “გაბალას” ევროპა ლიგის ჯგუფში მოხვედრაში. მისი კოზირი კი, ძლიერი დარტყმა და საკმაოდ კარგი მოედნის ხედვაა. მის მეწყვილედ გურამ კაშია იქნება – უფრო დაცვაზე ორიენტირებული. ვერ ვიტყვით, რომ “ვიტესის” კაპიტანი საყრდენზე ისეთივე დამაჯერებელია, როგორც დაცვაში, მაგრამ აქ თამაშის გამოცდილება აქვს და სავარაუდოდ, ვაისი ბუბა დაუშვილის სასტარტოში გამწესებას ისევ ამ ვარიანტს ამჯობინებს. ეს ორი საყრდენი, ხოლო შეტევას ყველაზე მეტად ვაკო ყაზაიშვილი, ჯანო ანანიძე და ჯაბა ჯიღაური უნდა დაეხმარონ. ანანიძე ალბათ გიორგი ლორიასთან ერთად ახლა ყველაზე კარგ ფორმაშია და ეჭვგარეშეა, მასზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ყაზაიშვილს კი, სეზონის სტარტი მაინცდამაინც დამაჯერებელი არ ჰქონია –“ვიტესშიც” არ ენდობოდა მწვრთნელი, რაც საბოლოოდ მისი “ლეგიაში” გადასვლით დასრულდა. თუმცა, ვაკოს შეუძლია თამაშის ბედის გადაწყვეტა. თუნდაც ერთი წლის წინ, შოტლანდიასთან მატჩის გახსენებაც კმარა. რაც შეეხება ჯიღაურს, იგი ძირითადში თორნიკე ოქრიაშვილის ნაცვლად იქნება. ჯერ “დინამოს” შემტევზე ვთქვათ: ჯაბამ ესპანეთთან ამხანაგურ და ისტორიულ მატჩში მწვრთნელს თავი მოაწონა. გეხსომებათ, გოლი დიდწილად მისი დამსახურება იყო, როცა ჟერარ პიკესა და ჟორდი ალბას გვერდი ადვილად აუარა და ოქრის გაატანინა. რაც შეეხება თორნიკეს, მას მერე, რაც “მარსელში” ტრანსფერი ჩაეშალა, მისი მდგომარეობა იდეალური არაა – ამას თვითონ ვაისიც აღიარებს და ამბობს, რომ არ იცის ითამაშებს თუ არა იგი. თანაც, ოქრიაშვილი უთამაშებელია და ნაკრებსაც გვიან შეუერთდა. მოკლედ, სლოვაკი მას ცვლილებისთვის შემოინახავს, დიდი ალბათობით.

ცენტრფორვარდი – ლევან მჭედლიძე და გიორგი ქვილითაია დღეს ალბათ ნაკრების წამყვანი ცენტრფორვარდები არიან, მაგრამ გუნდს ვერცერთი ეხმარება. ამას ისიც უნდა დავუმატოთ, რომ დაიმტვრა ნაკრებში ამჯერზე მიწვეული ოთარ მარცვალაძეც და მისი თამაშიც გამორიცხულია. შესაბამისად, რჩება ორი ვარიანტი: ვლადიმერ დვალიშვილი ან ნომინალური ფორვარდის გარეშე თამაში. ეს ნაკლებ სავარაუდოა – ვაისმაც დაადასტურა, მოგება თუ გვინდა, მარტო დაცვაში ჯდომით არაფერი გამოგვივაო და მოკლედ, დვალიშვილს მოედანზე პირველივე წუთიდან უნდა ველოდეთ. გადასარევად ვერც გამოცდილი ფეხბურთელი გამოიყურება ამ სეზონში, მაგრამ ბევრის აზრით, “დინამოს” რიგებში ევროსარბიელზე საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი გამორჩეული უდაოდ იყო, სხვებთან შედარებით.

შედეგად მივიღეთ ასეთი სასტარტო თერთმეტეული: ლორია – ლობჟანიძე, ამისალუშვილი, კვირკველია, ნავალოვსკი – კაშია, კვეკვესკირი – ჯიღაური, ანანიძე, ყაზაიშვილი – დვალიშვილი...

წინა შესარჩევ ეტაპებზე სადებიუტო მატჩები

ძალიან რომ არ გაგვიგრძელდეს ამაზე საუბარი, ავიღოთ 2002 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ტურნირიდან მოყოლებული საწყისი თამაშები - 2000 წლის 7 ოქტომბერს, ლიტვასთან გასვლაზე ხმაურიანად 4:0 ვიმარჯვეთ და კიდევ უფრო იმედით განვეწყვეთ, მაგრამ გაგრძელება ასეთივე წარმატებული არ გამოვიდა.

ევრო 2004 – 2002 წლის 8 სექტემბერს, ბაზელში საქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან 1:4 განადგურდა. შოთა არველაძის გოლი მხოლოდ პრესტიჟისა გამოდგა და პორტუგალიისკენ მიმავალი გზა მძიმე სასტარტო მარცხით, კიდევ უფრო დამძიმდა.

მუნდიალი 2006 – 2004 წლის 4 სექტემბერს, ტრაბზონში ალენ ჟირესის ნაკრებმა თურქეთის ნაკრებთან მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა. მალხაზ ასათიანის 85-ე წუთზე გატანილი გოლით იმედი კიდევ უფრო რეალური გახდა. ოთხ დღეში უკვე ალბანეთსაც მოვუგეთ ჯერ კიდევ “ლოკომოტივის” სტადიონზე, თუმცა...

ევრო 2008 – ალბათ ეს იყო ყველაზე რთული ჯგუფი, სადაც კი გვითამაშია. განგებამ ისე ინება, რომ საქართველოს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი უნდა სტუმრებოდა. აქვე იყვნენ უკრაინა და შოტლანდია... მოკლედ, სიკვდილის ჯგუფი – თუმცა, სიმართლე გითხრათ, იმედი ისევ გვქონდა (ფინალურ ეტაპზე პირდაპირ ერთი გუნდი გადიოდა!) და სწორედ ამ ციკლის წინ დაიწერა ცნობილი სიმღერა, რომელიც დავიწყებას მიეცა: “ჩვენ ერთი გუნდი ვართ” – “დინამო არენაც” გარემონტდა და... სტარტიც წარმატებული გამოვიდა აგვისტოს შუაში ფარერებთან კუნძულზე 6:0 გავიმარჯვეთ...

მუნდიალი 2010 – სამხრეთ აფრიკის მუნდიალის საკვალიფკაციო ეტაპი საქართველოს ნაკრებმა მასპინძლის რანგში დაიწყო, თუმცა 2008 წლის აგვისტოს ომის გამო უეფამ მატჩის ჩატარების უფლება თბილისში არ მოგვცა – შეირჩა გერმანული ქალაქი მაინცი, სადაც ირლანდიის ნაკრებთან 1:2 წავაგეთ. ლევან ყენიას გოლმა მხოლოდ ანგარიში დაასველა, რადგან მანამდე დოილისა და უელანს უკვე დაელაშქრათ ჩვენი კარი.

ევრო 2012 – თემურ ქეცბაიას ნაკრებს ევრო 2012-ის საკვალიფკაციო ეტაპზე პირველ ხუთ მატჩში წაგება არ ჰქონდა. მოგებები მალტასთან და თვით ხორვატიასთან, თუმცა იმ შესარჩევში მეტი დასამახსოვრებელი სამწუხაროდ ვეღარაფერი შევქმენით. მაგრამ, დასამახსოვრებელი იყო სტარტიც: 3 სექტემბერს, ათენში საბერძნეთის ნაკრებთან ქულა ვირგუნეთ. მეტიც, ალექსანდრე იაშვილის გოლით თითქმის მთელი თამაში ვიგებდით, მაგრამ ბერძნებმა და კერძოდ, სპიროპულოსმა გაათანაბრა.

მუნდიალი 2014 – დასაწყისი სამქულიანი გამოდგა. ალბათ ბევრ თქვენგანს ახსოვს თორნიკე ოქრიაშვილის შედევრი გოლი ბელორუსიის ნაკრების კარში, რისი წყალობითაც პირველი და როგორც შემდგომ გამოჩნდა, იმ საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთადერთი გამარჯვება მოვიპოვეთ.

ევრო 2016 – ორი წლის წინანდელი შესარჩევი ციკლის ოქრიაშვილის ულამაზესი გოლით გავხსენით, ამჯერადაც “დინამო არენაზე”, მაგრამ მაინც წავაგეთ. ირლანდიის ნაკრებთან 1:2...

დღევანდელობა: მეტოქე – ავსტრია

მარსელ კოლერის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მონაწილეა. “ოსტერეიხმა” საფრანგეთში იმის ნახევარიც ვერ აჩვენა, რასაც ელოდნენ. თუმცა, ეს არ მიუთითებს მათ სისუსტეზე. გუნდი დაახლოებით იგივეა, რაც ორი თვის წინ ევრო ფორუმზე იყო. გამონაკლისი კაპიტანი მარტინ ფუხსია, რომელმაც სანაკრებო კარიერა დაასრულა. ახლა, ავსტრიან ახალი კაპიტანი ჰყავს იულიან ბაუმგარტლინგერი. სწორედ ის ახლდა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე კოლერს. 28 წლის ფეხბურთელი საქართველოს სერიოზულ მეტოქედ აღიქვამს და აფასებს. თუმცა, მასზე სახელოვანი მოთამაშეებიც ბევრი ჰყავს დღევანდელ მოწინააღმდეგეს. თუნდაც, დავიდ ალაბა, რომლის შესახებაც ვგონებ, ყველამ ყველაფერი იცით. არც მარკო არნაუტოვიჩს დაეწუნება რამე... რაც შეეხება წინა შესარჩევ ეტაპს – ავსტრიის ნაკრებმა ფანტასტიურად ჩაატარა და ევროპის ჩემპიონატზე წაუგებლად გავიდა. საერთოდ, ეს თაობა უდაოდ საუკეთესოა ავსტრიული ფეხბურთის ბოლო პერიოდის ისტორიაში.

და მაინც, როგორც ვლადიმირ ვაისმა თქვა, საქართველოს ნაკრებს მეტოქის არ უნდა შეეშინდეს და მოედანზე შემართებით, საბრძოლო განწყობით გავიდეს – თამაში ყველასთან შეიძლება!..

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.210155