ჭიდაობა

20:25 | 4.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოთხივე სამეული უქართველოდ შეივსო

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი გუშინ მოპოვებული ორი ბრინჯაოს მედლით ჩაამთავრა. საფრანგეთის ქალაქ მაკონში გამართულ 2016 წლის სეზონის უმთავრეს შეჯიბრებაზე დღეს საპრიზო სამეულები ოთხ წონით კატეგორიაში შეივსო. მსოფლიო კონკურენციაში ოთხი ქართველი ახალგაზრდაც ჩაერთო, მაგრამ მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი ოთხივემ დილის პროგრამაშივე დაკარგა.

55 კილოგრამში ქართული დროშის ქვეშ კახა ირემაძემ იჭიდავა. საქმეში პირდაპირ მეორე წრიდან – მერვედფინალიდან ჩაება, უკრაინელ ანდრეი იაცენკოსთან შეხვედრით, მაგრამ 2:12 წააგო და ხალიჩაზე მეტჯერ აღარც გასულა, რადგან უკრაინელი ფინალამდე ვერ მივიდა და ირემაძისთვის ბრინჯაოს გზაც ჩაიკეტა.

გიორგი სულავაც (66 კგ) ერთადერთი ბრძოლით გამოეთიშა მსოფლიოს პირველობას. მისთვის დაუძლეველი ზღუდე ამერიკელი ალეკ ვილიამ პანტალეო აღმოჩნდა – 1:6.

მექი სიმონიასაც (84 კგ) ამერიკელმა მეტოქემ დაასრულებინა წარმატებაზე ფიქრი – ზაჰიდ ვალენსიამ 13:2 იმარჯვა და მეოთხედფინალში ჭიდაობის უფლება მოიპოვა, სადაც თავადაც წაიფორხილა. სიმონიამ ვალენსიასთან დაჭიდებამდე კანადელი ტეჟვირ სინხ ბოალის ძლევა (10:0) მოასწრო.

დღეს მოჭიდავე ქართული ოთხეულიდან შედარებით შედეგიანად ზურიკო ურთაშვილი (120 კგ) გამოვიდა. გიორგი გოგშელიძის გაწვრთნილი გუნდის უმძიმესი წევრი შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაერთო და ბელარუსი ვიტალი პიასნიაკის ადვილად დამარცხებით (11:0) მეოთხედფინალში გავიდა. იქ კი თურქ ჰუსეინ მეჰმეთ ჩიველეკთან 9-ქულიანი უპირატესობის მოპოვების შემდეგ, შებოჭვით წააგო და ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი დაკარგა, ცოტა ხანში კი რეპეშაჟის გზაც ჩაეკეტა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრთაგან მსოფლიოს პოდიუმზე მხოლოდ შმაგი თოდუა (60 კგ) და ტარიელ გაფრინდაშვილი (74 კგ) ავიდნენ. ორივე მესამე საფეხურზე.

0.117915