საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრების მსუბუქი ფორვარდი ვილი ისიანი ესპანეთში დარჩა და კარიერას ისევ “გრან კანარიაში” გააგრძელებს. ამის შესახებ 19 წლის იმედისმომცემმა მოთამაშემ WORLDSPORT.GE-სთან საუბრისას განაცხადა.
როგორც ისიანმა გვითხრა, ესპანურ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი, რომელიც 2014 წელს გააფორმა, ამოეწურა, მაგრამ კლუბმა თანამშრომლობის ერთი წლით გახანგრძლივება ისურვა და ისიც დათანმხდა.
“გრან კანარიასთან კონტრაქტი 2014 წელს გავაფორმე 2+2 წლის სისტემით და ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა, მათ კი დარჩენა შემომთავაზეს. აქამდე მეორე გუნდში ვთამაშობდი, სასტარტო ხუთეულის წევრი ვიყავი, მოედნაზე დაახლოებით 25 წუთს ვატარებდი. რაც შეეხება დიდ გუნდს, ამხანაგურ შეხვედრებში მათამაშებდნენ ხოლმე, მაგრამ ვარჯიშს მათთან ერთად ვერ ვახერხებდი, რადგან მთავარი გუნდი დილით და საღამოს ვარჯიშობს, მე კი ამ პერიოდში სკოლაში მიწევდა სიარული.
საქართველოს 16-წლამდე ნაკრებთან ერთად ბოსნიაში ვიყავი და იმ ტურნირს “გრან კანარიას” წარმომადგენელი ესწრებოდა. ჩემი თამაში მოეწონა და ტურნირის შემდეგ ესპანეთიდან დამიკავშირდნენ. დეკემბერში მთხოვეს სინჯებზე ჩასვლა, სადაც 10 დღე გავატარე და მოწონება დავიმსახურე – ასე გამიფორმეს თავდაპირველი კონტრაქტი.
ზოგადად ჩემს კარიერას რაც შეეხება – კალათბურთის თამაში 11 წლის ასაკში დავიწყე. სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდში სერგო იშხნელთან მოვხვდი. მერე იყო “დინამოში”, სადაც არჩილ ჟღენტი მავარჯიშებდა, მაგრამ 1 წლის მერე ჟღენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდში გადავიდა და “დინამოს” კალათბურთელებიც თან წაგვიყვანა”, - თქვა ისიანმა.
ვილი ისიანი საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებში 2016 წელს ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში თამაშობდა, სადაც გუნდმა მერვე ადგილი დაიკავა. 19 წლის კალათბურთელი ამ ტურნირზე საშუალოდ თამაშში 9.4 ქულას, 6.4 მოხსნასა და 1.3 პასს აგროვებდა. “გრან კანარია” კი, ესპანეთის პრიმერადივიზიონის წევრია და შარშანდელ სეზონში მეხუთე დაიკავა, თუმცა ვილის ჯერ მთავარ გუნდში დებიუტი არ ჰქონია...