როგორც მოსალოდნელი გახლდათ, გერმანიის ეროვნული ნაკრების ახალი კაპიტანი მანუელ ნოიერი იქნება. მიუნხენის "ბაიერნის" მეკარემ ბასტიან შვაინშტაიგერი შეცვალა. "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველისთვის ფინეთთან მოგებული (2:0) ამხანაგური მატჩის სანაკრებო კარიერაში ბოლო გახლდათ.
ნოიერის კაპიტნობა ბუნდესნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა დაადასტურა. მანუელი აქამდე ვიცეკაპიტანი გახლდათ და როდესაც შვაინშტაიგერი ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა, "რეკორდმაისტერის" მოთამაშე უძღვებოდა ნაკრებს. ნოიერს გერმანიის ეროვნულ გუნდში 71 მატჩი აქვს ჩატარებული.