ფეხბურთი

13:32 | 1.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლას შემცირებაში მოყოლილთა ნაკრები

შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" გულშემატკივრებს ძალიან ეწყინათ პეპ გვარდიოლას გადაწყვეტილება, რომელიც ინგლისის ეროვნული ნაკრების მეკარის ჯო ჰარტის ჩამოქვეითებას ეხებოდა, თუმცა ესპანელი სპეციალისტისთვის მსგავსი ქმედებები უცხო არაა.

პეპმა ჰარტი მეორე ნომრად დააყენა და "ბარსელონადან" კლაუდიო ბრავო დაიმატა. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ კი "სამი ლომის" პირველი კიპერი "ტორინოში" გადავიდა სათამაშოდ. გვარდიოლას სამწვრთნელო კარიერა გვიჩვენებს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებების ესპანელს არ ეშინია და ბევრი სახელოვანი ფეხბურთელი გაუშვია გუნდიდან.

როდესაც გვარდიოლა "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, გამოაცხადა, რომ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი რონალდინიო მის გეგმებში არ შედიოდა, შესაბამისად ბრაზილიელი იმავე წელს "მილანში" გადავიდა და მას თან გაყვა 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ჯანლუკა ძამპროტა. ასევე დეკუმ "ჩელსის" მიაშურა, ხოლო სამუელ ეტოომ ერთი წელი დაჰყო "ბარსაში" შემდეგ კი "ინტერთან" შეთანხმების საფუძველზე კლუბებმა ზლატან იბრაჰიმვიჩი და კამერუნელი გაცვალეს. ვერც შვედმა გაუძლო პეპს და ერთი წლის შემდეგ "როსონერის" წვერი გახდა. იაია ტურემაც დატოვა "ბლაუგრანა" 2010 წელს და ახლაც გაურკვეველია რა ბედი ელის მას "მანჩესტერ სიტიში".

"ბაიერნში" ესპანელი 2013 წელს დაინიშნა და გუნდი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულებმა ლუიზ გუსტავომ და მარიო გომესმა აგვისტოში დატოვეს. გვარდიოლამ წმენდა გააგრძელა და მარიონ მანჯუკიჩი ერთი სეზონის შემდეგ გაუშვა. ასევე გუნდიდან მოუწია წასვლა ტონი კროოსს და ჯერდან შაქირის.

გვარდიოლას ფილოსოფია მხოლოდ ტალანტს არ მოითხოვს, მას სურს ფეხბურთელებმა თავი არ დაზოგონ. პეპისთვის ვარსკვლავის ცნება არ არსებობს და მან ეს რონალდიონიოს გაშვების მაგალითზე დაადასტურა. ჩავი იხსენებს, რომ პირველ ვარჯიშზე ესპანელმა ხაზი გაუსვა გულმოდგინედ შრომას და ეს იყო მისთვის მნიშვნელოვანი.

გთავაზობთ Sky Sports-ის მიერ შედგენილ ნაკრებს, რომელიც გვარდიოლას მიერ გაშვებული ფეხბურთელებისგანაა დაკომპლექტებული: ჰარტი, ჩანი, ტურე, დანტე, ძამბროტა, შვაინშტაიგერი, კროოსი, დეკუ, ეტოო, რონალდინიო, იბრაჰიმოვიჩი.

0.127627