საქართველოს საკალათბურთო ნაკრებთან გამანადგურებელი მარცხის შემდეგ ალბანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანტონის კონსტანტინიდისმა შეხვედრა შეაფასა. მისი თქმით, ალბანეთის ნაკრებში არაპროფესიონალი კალათბურთელები თამაშობენ და მათთვის რთული იყო საქართველოს ნაკრებთან თამაში.
„მივულოცავ საქართველოს ნაკრებს და ჩემს მეგობარ ილიას ზუროსს გამარჯვებას. რაც შეგვეხება ჩვენ, ამ ჯგუფში ჩვენთვის ყველა თამაში რთულია. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში არ გვქონია საშუალება საერთაშორისო დონეზე თამაშის და ყველაფრის თავიდან დაწყება გვიწევს.
ალბანეთის ნაკრები ახალგაზრდული გუნდია, რომლის საშუალო ასაკი 23-24 წელია და 17-18 წლის კალათბურთელებიც ბევრი გვყავს. ამასთან, კალათბურთელთა უმეტესობა მოყვარულია და მათი ძირითადი სფერო, სამუშაო კალათბურთი არაა. ასე რომ, წარმოიდგინეთ რა რთულია ასეთი გუნდისთვის ფაჩუალისთან, სანიკიძესთან, შენგელიასთან თამაში.
ალბანეთის ნაკრები ჩემთვის გამოწვევაა. სწორედ ამიტომ დავთანხმდი მათ შემოთავაზებას. მე კალათბურთის მწვრთნელი ვარ და მიყვარს სირთულეებთან შეჭიდება. პარალელურად ბერძნულ კლუბშიც ვმუშაობ, მაგრამ მსურდა საკუთარი თავი სანაკრებო დონეზეც გამომეცადა“, - განაცხადა კონსტანტინიდისმა.