კალათბურთი

23:30 | 31.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

შესარჩევი ციკლის დამაჯერებელი სტარტი

საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი იოლი გამარჯვებით დაიწყო და სხვაგვარად წარმოუდგენელიც გახლდათ – თბილისს ხომ ალბანეთის ნაკრები სტუმრობდა, რომელიც არა მარტო ჩვენთვის საინტერესო F ჯგუფში, არამედ სრულიად საკვალიფიკაციო ტურნირში ერთ-ერთი უსუსტესი გუნდია.

ილიას ზუროსის შეგირდებმა მეტოქე 86:47 გაანადგურეს და ცხადია, ეს მასპინძელთა მაქსიმუმი არ იყო. საქართველოს ნაკრები ზედმეტი დაძაბულობის გარეშე თამაშობდა და მოწინააღმდეგე, რომელსაც ოსტატობა აშკარად აკლდა, სარეკორდო სხვაობებისთვის აღარ გაუმეტებია.

ტრავმირებული მაიკლ დიქსონის (ის შესარჩევი ციკლის შემდეგ შეხვედრაში მოედანზე იქნება) არყოფნაში, საქართველოს ნაკრების სასტარტო ხუთეული ასეთი გახლდათ: ზაზა ფაჩულია, გიორგი ცინცაძე, დუდა სანაძე, ვიქტორ სანიკიძე, თორნიკე შენგელია.

ამ შემადგენლობით მასპინძლები რამდენიმე წამში დაწინაურდნენ და გასაკვირი არ ყოფილა, რომ ალბანეთისთვის დაწევის და მითუმეტეს, გადასწრების საშუალება აღარ მიუციათ. უშუალოდ მატჩის პერიპეტიებზე საუბარი, ცხადია, უაზრობა იქნებოდა. კარგი ის იყო, რომ ზუროსმა სათადარიგოებს საკმაოდ დრო დაუთმო და ვინძლო, მათ ეს უფრო დაძაბულ მატჩებში გამოდგეთ.

თუკი სამარქაფოთაგან გიორგი შერმადინი და ბექა ბურჯანაძე თავის წილ ქულებს ფაქტობრივად სტაბილურად აგროვებენ, სასიამოვნო მოულოდნელობა იყო ბესო ლეჟავას შედეგიანი თამაში. მან ზედიზედ 2 სამქულიანი ჩააგდო, ჯამში კი 10 ქულა მიითვალა და ისიც აღსანიშნავია, რომ აქტივში 2 მოხსნა და 3 პასიც ჰქონდა, პასივში კი მხოლოდ – ნულიანები.

მასპინძელთაგან 6 და მეტი ქულა ერთბაშად 8 კალათბურთელმა მიითვალა და საგულისხმოა, რომ ის 6 ქულა ქართველთა კაპიტან ზაზა ფაჩულიაზე მოდის. “გოლდენ სტეიტის” ცენტრი ძირითადად თანაგუნდელებზე “მუშაობდა” და 8 მოხსნას 6 პასი წაამატა.

ზაზა ფარქვეშიდან ნაკლებად უტევდა და აქცენტი საშუალო დისტანციიდან ტყორცნებზე ჰქონდა გადატანილი. ამ მხრივ ფაჩულიამ თავი ნაკლებად გამოიჩინა (თამაშიდან 7-დან 1 ზუსტი სროლა), თუმცა, ნათელია, რომ კაპიტანი თავის წონიან სიტყვას უფრო საჭირო ჟამს იტყვის.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელთაგან 26 წუთზე მეტი არავინ დატვირთულა და იმის გათვალისწინებით, რომ ბიჭებს შესარჩევ მატჩებს შორის დასასვენებლად არცთუ დიდი დრო ექნებათ, ესეც საგულისხმო მაჩვენებელია. მასპინძელთაგან ყველაზე შედეგიანი ვიქტორ სანიკიძე იყო, რომელსაც 20 ქულის ჩასაგდებად ამდენივე წუთი ეყო.

ცხადია, ქართველთა უპირატესობა სტატისტიკური კუთხითაც აშკარა გახლდათ და ეს, განსაკუთრებით მოხსნებსა (42:23) და შედეგიან პასებში (27:9) აისახა. აი, ერთი მაჩვენებელი კი უსიამოვნო გრძნობას ნამდვილად ტოვებს. ქართველი კალათბურთელები ბურთს ლამის ყველა მატჩში ხშირად კარგავენ, თუმცა, თუკი ამ კომპონენტში ალბანეთსაც გადააჭარბებდნენ (19:18) ნამდვილად ძნელი პროგნოზირებადი იყო.

საქართველოს ნაკრებს შესარჩევ ციკლში მომდევნო მატჩი 3 სექტემბერს ბრატისლავაში სლოვაკეთთან ელის და ცხადია, რომ ამ დაპირისპირებას მეტი სერიოზულობით უნდა მიუდგეს.

შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო რაუნდის ფორმატის თანახმად, ფინალურ ეტაპზე 7 ჯგუფის გამარჯვებულები და ოთხიც საუკეთესო მეორეადგილოსანი გადის.

ამასთან, ვინაიდან 1 ჯგუფი სამგუნდიანია, ბოლოადგილოსანთან (ჩვენს შემთხვევაში, ეს უდიდესი ალბათობით, ალბანეთი იქნება), შედეგები სათვალავში არ მიიღება.

მოკლედ, იმის თქმა გვინდა, რომ სლოვაკეთთან არა მხოლოდ გამარჯვებაზე უნდა ვიფიქროთ, არამედ აქცენტი სხვაობაზეც გავაკეთოთ.

ილიას ზუროსის გუნდი 1 სექტემბერს, გამთენიისას, ავსტრიაში გაფრინდება, საიდანაც სლოვაკეთის დედაქალაქში ავტობუსით ჩავა და პირველი მძიმე ბრძოლისთვის მოემზადება.

საქართველო – ალბანეთი 86:47 (21:9, 24:10, 23:13, 18:15)

საქართველო: ფაჩულია (26 წ. 6 ქ. 8 მ. 6 პ. 2 ჩ. 2 დ.), ცინცაძე (26 წ. 9 ქ. 3 მ. 9 პ.), სანაძე (24 წ. 9 ქ. 2 მ. 2 ჩ.), სანიკიძე (20 წ. 20 ქ. 7 მ.), შენგელია (24 წ. 12 ქ. 6 მ. 2 ჩ.); ლეჟავა (20 წ. 10 ქ. 2 მ. 3 პ.), ზაქრაძე (10 წ. 3 მ. 2 ჩ.), ბოისა (12 წ.), შერმადინი (14 წ. 9 ქ. 2 მ.), ბურჯანაძე (16 წ. 11 ქ. 7 მ. 3 პ. 2 ჩ.), ჯინჭარაძე (7 წ.);

მწვრთნელი: ილიას ზუროსი.

ალბანეთი: ვოგლი (12 წ.), ტოპალი (7 წ.), ჰისენაგოლი (27 წ. 15 ქ. 4 მ.), შიმა (23 წ. 7 ქ. 7 მ.), ბროადუსი (31 წ. 7 ქ. 2 პ. 5 ჩ.); ტაფლაი (14 წ. 1 ქ.), გიონაი (17 წ. 4 მ.), იანი (7 წ.), დუშა (21 წ. 2 ქ. 2 პ. 2 ჩ.), ლასკუ (16 წ. 2 ქ. 2 პ.), შესტანი (11 წ. 9 ქ.), დედა (13 წ. 4 ქ.).

მწვრთნელი: ანტონის კონსტანტინიდესი.

ორქულიანები

65.8% – 40.5%

სამქულიანები

42.9% – 16.7%

საჯარიმო სროლები

81.8% – 50%

მოხსნები

42 (5) – 23 (3)

პასები

27 – 9

შეცდომები

19 – 18

ჩაჭრები

10 – 10

დაფარებები

4 – 0

ჯარიმები

17 – 23

ქულები სწრაფი გარღვევისას

18 – 8

უდიდესი ლიდერობა

42 – 0

ქულები სამწამიანი ზონიდან

44 – 20

სათადარიგოების ქულები

30 – 18

ქულები მეტოქის შეცდომის შემდეგ

12 – 8

ე.წ “მეორე შანსის” ქულები

6 – 4

უდიდესი “გაქცევა”

15:0 – 5:0

ლიდერობა დროის მხრივ

39:36 წ. – 00:00 წ.

0.209212