მომავალ ბაშოს, რომელიც ტოკიოში 11-25 სექტემბერს შედგება, ორივე ქართველი სუმოისტი მაკუუჩი დივიზიონში ხვდება. ელიტას უბრუნდება გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელი, ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი კი ისედაც მაკუუჩიში გახლდათ.
შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი ივლისის სუპერტურნირზე კარტიერაში პირველად დასავლეთის სეკივაკეს წოდებით ირჯებოდა, თუმცა, 15-დან მხოლოდ 6 ბრძოლა მოიგო და აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირას ტიტულამდე ჩამოქვეითდა.
როგორც აღვნიშნეთ, პირიქით, წინსვლა განიცადა გაგამარუმ. ქართველმა გოლიათმა ნაგოიაში რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში იასპარეზა და დაწინაურებისთვის მინიმალური დადებითი ბალანსიც (8 მოგება, 7 მარცხი) ეყო.
ტოკიოში გაგამარუ ბრძოლას აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირას წოდებით დაიწყებს და მთავარ მიზნად ელიტაში ადგილის შენარჩუნება ექნება დასახული.
პროფესიული სუმოს განახლებული რეიტინგის (ბანძუკე) სათავეში მონღოლი იოკოძუნა ჰარუმაფუჯი იმყოფება, რომელმაც ივლისის ბაშოზე პირველობა არავის დაუთმო. ცხადია, იოკოძუნას სტატუსს ინარჩუნებენ მისი თანამემამულეები – ჰაკუჰო და კაკურიუც.
მოახლოებულ სუპერტურნირზე ოძეკების რანგში წარსდგებიან კისენოსატო, ტერუნოფუჯი, გოეიდო და კოტოშოგიკუ, თუმცა, ამ უკანასკნელთ იოლი მისია ნამდვილად არ ექნებათ. გოეიდო და კოტოშოგიკუ კადობანში არიან ჩაყენებულნი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი მინიმუმ 8-8 შერკინებას არ მოიგებენ, ოძეკობას დაემშვიდობებიან.
კარიერაში პირველად სეკივაკეს წოდებამდე აღზევდნენ ტაკაიასუ და ტაკარაფუჯი, ხოლო ტოჩიოძანი კომუსუბი გახდა. 26 წლის მონღოლმა ტაკანოივამ პირადი რეკორდი დაამყარა და აღმოსავლეთის მე-3 მაეგაშირა შეიქმნა.
გაგამარუს მსგავსად, მაკუუჩიში აღზევდნენ ჰომარეფუჯი, ამაკაძე, ტიოშომა და კიოკუშუჰო. ამასთან, ამაკაძე და ტიოშომა ელიტაში პირველად იასპარეზებენ.
დივიზიონ ძურიოში დაქვეითდნენ ამინიშიკი, ტოიონოშიმა, კიტაჰარიმა, სადანოფუჯი და ოსუნარაასი.