ლონდონის “არსენალი” სატრანსფერო ფანჯრის დახურვისას გააქტიურდა – როგორც “მეთოფეთა” ვებგვერდი იტყობინება, ამიერიდან მათ რიგებში შკოდრან მუსტაფი და ლუკას პერესი ითამაშებენ.
24 წლის გერმანელმა კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. იგი ბოლო ორი სეზონი “ვალენსიაში” თამაშობდა, სადაც 64 შეხვედრა ჩაატარა, ხოლო მანამდე გენუის “სამპდორიას” ფეხბურთელი გახლდათ. სხვათა შორის, მუსტაფის შეძენა არსენ ვენგერს კარგა ხანია სურდა და სურვილის შესრულება 35 მილიონი ევროც დაუჯდა.
რაც შეეხება ლუკას პერესს – 27 წლის ესპანელი თავდამსხმელი “არსენალმა” ოთხი წლით დაიბევა. მან გასული სეზონი ლა კორუნიის “დეპორტივოში” გაატარა და 36 მატჩში 17 გოლის გატანაც მოახერხა.
ლუკას პერესის და შკოდრან მუსტაფის შეძენით “არსენალის” ახალწვეულთა რაოდნობა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას ოთხამდე გაიზარდა, ამ ტრანსფერებამდე ლონდონელებმა გრანიტ ჯაკა და რობ ჰოლდინგი დაიმატეს.