დღეს, სასტუმრო “თბილისის მერიოტში” ძალოსნობის ფედერაციის მხარდამჭერ კომპანია “რომპეტროლსა” და რიოს ოლიმპიური თამაშებზე წარმატებით გამოსული ქართველი ძალოსნების შეხვედრა შედგა.
აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი, ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, თბილისის მერიის წარმომადგენელი, ირაკლი გვილავა და “რომპეტროლის” გენერალური დირექტორი კაირატ კაბილოვი – ბუნებრივია, აქვე იყვნენ ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე და პრიზიორი ირაკლი თურმანიძე.
შეხვედრაზე მათ ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე, სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და ქართველ სპორტსმენებს რიოში წარმატებული გამოსვლა მიულოცეს.
ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა მადლობა გადაუხადა “რომპეტროლს” გვერდში დგომისთვის – როგორც მან თქვა, ამ კომპანიის დიდი დამსახურებაა ძალოსანთა ასეთი წარმატებული ასპარეზობა. კახიაშვილის განცხადებით, ახლა მათ გაცილებით დიდი გეგმები აქვთ:
“პირველად საქართველოს ისტორიაში ერთ კვარცხლბეკზე ორი ქართული დროშა აფრიალდა – ლაშამ მსოფლიო რეკორდით მოიგო ოქროს მედალი და ირაკლიც მცირედით ჩამორჩა მას. “რომპეტროლის” მხარდაჭერით ჩვენ ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ. პირველად ვუმასპინძლეთ მსოფლიოს ჩემპიონატს, რაც სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიისა და “რომპეტროლის” გვერდში დგომის გარეშე არ მოხდებოდა. სპონსორის მხარდაჭერით პირველად მოვახერხეთ, რომ ახალბედა მწვრთნელებისთვის და სპორტსმენებისთვის დაგვენიშნა ხელფასი. ასევე პირველად საერთაშორისო ტურნირზე მივავლინეთ მსაჯი საქართველოდან... რაც შეეხება მომავალს - ტოკიოს ოლიმპიადაზე 2020 წელს ჩვენი მიზანია არა 3 სპორტსმენით წარვსდგეთ, არამედ 6 სპორტსმენით, ყველა წონით კატეგორიაში და ამასთან, 4 წონით კატეგორიაში ქალებშიც ვგეგმავთ ლიცენზიის მოპოვებას. დიდი მადლობა “რომპეტროლს”, ბატონ კაირატ კაბილოვს, რომ გვერდში გვიდგანან და მათი წვლილიც ნამდვილადაა ამ წარმატებაში. ჩვენ “რომპეტროლს” სამახსოვროდ შტანგას გადავცემთ, რომლითაც ჩემპიონები ვარჯიშობდნენ და ის ბინას მათ ოფისებში დაიდებს. ”, - თქვა კახიაშვილმა
კომენტარი საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა გიორგი ასანიძემაც გააკეთა. სხვათა შორის, დღეს ის იუბილარია და მილოცვებს თვითონაც იღებდა.
“ამ გამარჯვებით არამარტო ძალოსნობის ფედერაცია ამაყობს, არამედ მთლიანად საქართველო. ქართული სპორტი ბევრად წინ წავიდა ასეთი წარმატების შემდეგ. მინდა მადლობა გადავუხადო “რომპეტროლს” – ჩვენი ფედერაცია სპონსორებით არასდროს იყო განებივრებული, “რომპეტროლი” კი, უკვე 2 წელზე მეტია, ჩვენს გვერდითაა და იზიარებს ყველა წარმატებასა თუ პრობლემებს, რომელიც ფედერაციის შიგნით არსებობს.
უამრავი დეტალი იყო, რომელსაც მხოლოდ სახელმწიფოს მხარდაჭერით ვერ ვაგვარებდით და სპონსორმა დიდი როლი ითამაშა – მიხარია, რომ მათაც ბევრი სიხარული მივანიჭეთ. იმედი გვაქვს, რომ როგორც ქართულ ძალოსნობას, ისე ქართულ სპორტს გვერდში დაუდგება მომავალში. ჩვენი მიზანი კი მხოლოდ ისაა, რომ ვასახელოთ ჩვენი ქვეყანა და კიდევ ერთხელ ვულოცავ ბიჭებს ამ უდიდეს გამარჯვებას”, - განაცხადა ასანიძემ.
შეგახსენებთ, რიოს 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციამ 7 მედალი მოიპოვა და აქედან ორი ძალოსნების ანგარიშზე გახლდათ – 16 აგვისტოს, მძიმე წონაში ჩემპიონი (473კგ მსოფლიო რეკორდი) ლაშა ტალახაძე გახდა, ხოლო ბრინჯაოს მედალს ირაკლი თურმანიძე (448კგ) დაეუფლა. ეს საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ოლიმპიურ თამაშებზე კვარცხლბეკზე ორი ქართული დროშა აღიმართა.