ცნობილი ჟურნალისტი ლევან სალუქვაძე, როგორც იცით, თბილისის “დინამოს” პრეზიდენტ რომან ფიფიას მრჩეველი გახლავთ. “დინამოში” კი დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი, როგორც ხელმძღვანელობაში, ასევე სამწვრთნელო შტაბში და ალბათ, ფეხბურთელებშიც.
ითქვა, რომ კლუბის გენერალური დირექტორი ბიძინა ბარათაშვილი გახდება, ხოლო სპორტული დირექტორი – ლევან სალუქვაძე. და მწვრთნელს რაც შეეხება, იურაი იარაბეკს ლევან გვანცელაძე გაწვრთნისო.
worldsport.ge ლევან სალუქვაძეს დაუკავშირდა და აი, მისი კომენტარიც:
“ბატონ რომან ფიფიასა და ბიძინა ბარათაშვილს შორის შეხვედრა და საუბარი არ ყოფილა. ბატონ რომანს ორიოდე დღის წინ შევხვდი და ვისაუბრეთ სხვადასხვა საფეხბურთო საკითხებზე, მაგრამ მერწმუნეთ, არ შევხებივართ ხელმძღვანელობის მოხსნა-დანიშვნის თემას და მითუმეტეს, ჩემი და ბიძინა ბარათაშვილის დანიშვნას. ამ ეტაპზე ოფიციალურად არაფერია გადაწყვეტილი. ისე კი, “დინამოში” ცვლილებები იგეგმება და ამის შესახებ, უახლოეს დღეებში ბატონი რომან ფიფია თავად აუწყებს საზოგადოებას. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი ყველა იმ პიროვნებას, რომლებიც გვილოცავდნენ მე და ბიძინა ბარათაშვილს და ტკბილი სიტყვები არ დაიშურეს. განსაკუთრებით დიდი მადლობა “დინამოს” ლეგენდებს, ოთარ გაბელიასა და თენგიზ სულაქველიძეს იმ შეფასებებისთვის, რაც ჩვენს მიმართ გამოთქვეს”.