ფეხბურთი

16:22 | 28.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

გელა სანაია: "ლეგიონერები მხოლოდ ლეგიონორობისთვის არ ჩამოგვიყვანია"

ფოთის "კოლხეთი" მიმდინარე სეზონის აღმოჩენაა. ცოტანი თუ ელოდნენ ასეთ სტარტს გელა სანაიას გუნდისგან: 4 მატჩში 9 ქულა. "მსოფლიო სპორტი" სანაიას დაუკავშირდა და დღევანდელობის გარდა, სამომავლო პერსპექტივაზე, ფოთში არსებულ ინფრასტრუქტურაზეც ესაუბრა:

- ოთხი მატჩიდან სამში გაიმარჯვეთ, რაც ცოტა მოულოდნელი იყო. უპირველესად, რის ხარჯზე?

- გეთანხმებით, რომ მოულოდნელი იყო იქიდან გამომდინარე, რომ "კოლხეთი" ფინანსურად უზრუნველყოფილი კლუბი არაა, სპონსორი არ ჰყავს. ვფიქრობ, მოტივაციამ ითამაშა მთავარი როლი და კლუბის ხელმძღვანელობიდან დაწყებული, თითოეული ფეხბურთელით დამთავრებული, ყველანი აქტიურად არიან ჩაბმულნი საქმეში. სწორი სტრატეგია დავისახეთ, სწორი მიდგომა და შედეგიც სახეზეა, თუმცა ჩვენი მიზანი უმაღლეს ლიგაში დარჩენაა.

- რამდენად არის პერსპექტივა, რომ გუნდმა ასე გააგრძელოს თამაში ჩემპიონატის ბოლომდე?

- 9 ქულა გვაქვს და ეს კარგია, მაგრამ მიზანი, უკვე ვთქვი, მხოლოდ 10 საუკეთესო გუნდში მოხვედრა და უმაღლესში ადგილის შენარჩუნებაა. საამისო ქულების მარაგი არ შეგვივსია. 9 ქულის აღება არ ნიშნავს, რომ უკვე დავრჩით უმაღლესში. გარდამავალი ჩემპიონატი რთულია, სამქულიანი კი არა, ექვსი და შეიძლება, ექვსზე მეტქულიანი თამაშებიც კი არის. ფეხის დაცდენის უფლება არ გაქვს.

- შეგიძლიათ გუნდის ლიდერები გამოჰყოთ?

- მთავარი, რაც გავაკეთეთ, წინა სეზონის შემდეგ შევინარჩუნეთ საჭირო ფეხბურთელები. ლაშა გოგონაია, გიორგი კილასონია, უკრაინელი ვლადიმირ კორობკა. ამას დაუმატეთ ზაფხულში მოწვეულები: უკრაინელი იგორ ოზარკივი, აზერბიჯანის ნაკრების ფეხბურთელი რასიმ რამალდანოვი, გამოცდილი დავით ბოლქვაძე. პლუს, ფორვარდი ილია კერძევაძეც.

- საქართველოში ხშირია შემთხვევა, როცა ლეგიონერები ჩამოჰყავთ და ისინი ვერ ამართლებენ. თქვენ ემადლიერებით ლეგიონერებს?

- დიახ. ლაშა ჯაკობიას დამსახურებაა, რომელიც ჩვენი სპორტული დირექტორია. ტრანსფერები მისი დამსახურებაა. ლაშამ მშვენივრად იცის თავისი საქმე. როგორც წესი, ლეგიონერები საქართველოში როცა ჩამოჰყავთ, მათ დიდ თანხას უხდიან, ჩვენთან კი ასე არაა. მხოლოდ იმიტომ მოგვყავს, რომ გუნდს გამოადგნენ.

- საქართველოში რამდენიმე კლუბში გიმუშავიათ და ფიქრობთ, რომ "კოლხეთში" ამჟამინდელი პერიოდი თქვენთვის საუკეთესოა?

- საკუთარ თავზე საუბარი რთულია, მაგრამ ვიტყვი, რომ სადაც მიმუშავია, ვმუშაობ და ვიმუშავებ, ყველგან მაქსიმალური მოტივაციით ვიყავი, ვარ და ვიქნები. იმედი მაქვს, საუკეთესო პერიოდი წინ მაქვს.

- "კოლხეთის" სტადიონზე და გულშემატკივრების მხარდაჭერაზეც გვითხარით.

- უპირველესად, დიდი მადლობა საქართველოს რაგბის კავშირს იმისთვის, რომ მოგვცა რაგბის სტადიონზე თამაშის უფლება. "კოლხეთის" ყველა მატჩზე სავსეა ტრიბუნები და გუშინაც, "საბურთალოსთან", ფაქტობრივად, 12 ფეხბურთელით ვითამაშეთ. იოლი ვერ იქნებოდა "საბურთალოს" დამარცხება, რადგან გუნდი ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.

- ფოთი ქართული ფეხბურთისთვის განსაკუთრებული ქალაქია და ადგილობრივი ბავშვებისა და ჭაბუკების აღზრდა-განვითარების საკითხი როგორ მიმდინარეობს?

- მტკივნეული თემაა. სამწუხაროდ, ფოთში საფეხბურთო ინფრასტრუქტურა, ფაქტობრივად, არ არსებობს. არადა, აქ არიან მწვრთნელები, რომლებიც მონდომებულები არიან და საქმე კარგად იციან. არიან ნიჭიერი ბავშვები და ჭაბუკები, თუმცა მათ ფოთში განვითარების შანსი არ აქვთ. ამიტომაც, სხვაგან მიდიან, სადაც უკეთესი პირობებია.

- უმეტესად, ალბათ, თბილისში მიდიან.

- დიახ, თუმცა ზუგდიდშიც, მარტვილშიც. ვერ გაამტყუნებ ვერავის. ჩვენ ვცდილობთ, ადგილობრივი ახალგაზრდები წამოვწიოთ და დავაწინარეთ კიდეც პირველ გუნდში, მაგრამ ეს ცოტაა, ზღვაში წვეთია.

0.154139