ლონდონის “ჩელსიმ” ზაგრების “დინამოსა” და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მეკარე ედუარდუ შეიძინა. როგორც ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, 33 წლის კიპერი, ხელშეკრულების თანახმად, “არისტოკრატთა” რიგებში უახლოეს ერთ სეზონს გაატარებს.
ედუარდუ ზაგრების “დინამოს” ღირსებას 2014 წლიდან იცავდა. მან ამ ზაფხულს ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ორივე მატჩი ითამაშა თბილისის “დინამოს” წინააღმდეგ, ქართული კლუბის დამარცხების შემდეგ კი ხორვატებს "ზალცბურგთან" პლეი-ოფშიც დაეხმარა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურის მოპოვებაში წვლილი შეიტანა. “დინამომდე” ედუარდუ “ბრაგაში”, “ბენფიკაში” და “ჯენოაში” თამაშობდა.