ფეხბურთი

14:44 | 25.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრიის 23-კაციანი სია: შაუბი პირველად გამოიძახეს

ავსტრიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა მარსელ კოლერმა საქართველოსთან 5 სექტემბრის შესარჩევი მატჩისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა. როგორც იცით, ეს შეხვედრა თბილისში გაიმართება, "დინამო არენაზე". გამოძახებულია ვენის "რაპიდის" 21 წლის ფორვარდი ლუის შაუბი, რომელიც მშვენიერ ფორმაშია. ისე, კოლერს აქამდეც საყვედურობდნენ ამ ფეხბურთელის იგნორირების გამო.

შეგახსენებთ, შაუბს გორის "დილასთან" ევროპის ლიგის ფლეი ოფის მატჩებშიც გამოუჩენია თავი: ავსტრიაშიც გაიტანა (1:0) და საქართველოშიც (3:0).

ნაკრებშია ანგოლური წარმოშობის 20 წლის ვალენტინო ლაზაროც ("ზალცბურგი"). ამ შემტევმა ნახევარცველმა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ძლიერად ითამაშა, ზაგრების "დინამოსთან" მატჩებში ინდივიდუალური გოლები მიითვალა. ლაზარო ავსტრიის ახალი თაობის უძლიერეს ფეხბურთელად მიიჩნევა.

საერთოდ, რომ შევადაროთ ევროპის ჩემპიონატზე ავსტრიელთა 23-კაციან განაცხადს, კოლერმა 5 ცვლილება მოახდინა შემადგენლობაში. ევრო-2016-ზე კი, გეცოდინებათ, ავსტრიამ ცუდად ითამაშა და ჯგუფში მხოლოდ ერთი ქულა აიღო.

შაუბისა და ლაზაროს გარდა, ევროპის ჩემპიონატზე არ უთამაშიათ და ახლა სიაში არიან: ანდრეას ლუკშე, შტეფან შტანგლი და მიხაელ გრეგორიჩი. რეალურად, ავსტრიელთა რიგებში ერთი დანაკლისია: კრისტიან ფუხსმა ("ლესტერი") სანაკრებო კარიერა დაასრულა. ფუხსი ნაკრების კაპიტანი იყო. ახლა იულიან ბაუმგარტლინგერია კაპიტანი - ის "მაინციდან" "ლევერკუზენში" გადავიდა.

მეკარეები: რობერტ ალმერი, ანდრეას ლუკშე, რამაზან ოზქანი;

მცველები: ალექსანდრ დრაგოვიჩი, მარტინ ჰიტერეგერი, სებასტიან პრიოდლი, მარკუს შუტნერი, შტეფან შტანგლი, დავიდ ალაბა, კევინ ვიმერი;

ნახევარმცველები: მარკო არნაუტოვიჩი, იულიან ბაუმგარტლინგერი, მარტინ ჰარნიკი, შტეფან ილსანკერი, ზლატკო იუნუზოვიჩი, ვალენტინო ლაზარო, მარსელ საბიტცერი, ალესანდრო შიოპფი;

თავდამსხმელები: ლუის შაუბი, მიხაელ გრეგორიჩი, ლუკას ჰინტერსერი, მარკ იანკო;

0.11778