კალათბურთი

23:57 | 24.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პოლონეთში შვედეთთან 60:73 წააგო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პოლონეთის ქალაქ ვლოცლავენის საერთაშორისო ტურნირზე პირველი მატჩი წააგო. საქართველოს მეტოქე შვედეთი იყო, რომელსაც ნბა-ში ნათამაშები არც ჯეფრი ტეილორი ჰყავდა და არც იონას იერებკო, თუმცა ილიას ზუროსის გუნდს მაინც სძლია - 73:60.

თუკი დანაკლისზე მიდგება საქმე, საქართველოს ნაკრებს არანაკლები დანაკლისი ჰქონდა. მატჩამდეც ცნობილი იყო, რომ ზუროსის გუნდს ვერ დაეხმარებოდა თორნიკე შენგელია, ხოლო მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან ჩასულმა მაიკლ დიქსონმა ფეხის ტრავმა მიიღო და დარჩენილ დროში ქართველებს ვერ დაეხმარა.

დანაკლისის გამო მეტი სათამაშო დრო მიეცათ სათადარიგოებს, მთლიანობაში კი ქართველებმა ის თამაში ვერ აჩვენეს, რაზეც ზუროსი გუნდს ავარჯიშებდა. ჩვენმა ნაკრებმა ვერ მოახერხა პერიმეტრის გადაკეტვა და 11 სამქულიანი მიიღო. სწორედ შორი სროლები გახდა მიზეზი წაგებისა, რადგან ფარქვეშ ქართველებს ნაკლები პრობლემები ჰქონდათ და მთლიანობაში მეტოქეზე 3-ით მოხსნა მიითვალეს.

მესამე პერიოდში ქართველების ჩამორჩენა 14 ქულამდე გაიზარდა, მაგრამ მობილიზებისა და შეუპოვარი თამაშის წყალობით მეოთხედის დასრულებამდე 4 ქულამდე შევამცირეთ (52:56), მაგრამ ქართველების შედეგიანმა თამაშმა დიდ ხანს ვერ გასტანა. შვედებმა ბურთის სწრაფი გათამაშებითა და ზუსტი სროლებით მოახერხეს შეხვედრის გამარჯვებამდე ისე მიყვანა, რომ ვითარება ბოლო წუთებზე არ დაძაბულა - 73:60.

შვედებს 18 ქულით ტობიას ბორგმა ულიდერა. 13 ქულით დაასრულა შეხვედრა 4 სამიანის მიმთვლელმა ლუდვიგ ჰაკანსონმა, ხოლო კრისტოფერ შერაპოვიჩის ანგარიშზე 11 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა. საქართველოს ნაკრებში 15 ქულით ბომბარდირი გახდა ზაზა ფაჩულია, 13 ქულა და 7 პასი მიითვალა გიორგი ცინცაძემ, დუდა სანაძის ანგარიშზე კი 10 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა.

ხვალ, 25 აგვისტოს, საქართველოს ნაკრები პოლონეთსა და ბელგიას შორის დამარცხებულს შეხვდება. მატჩი ამ წუთებში მიმდინარეობს და პირველი მეოთხედის შემდეგ პოლონეთი 13 ქულით იგებს.

GBF.GE

0.116738