საქართველოს ძიუდოს ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა 2016 წლის 30 სექტემბერს გაიმართება. როგორც ძიუდოს ფედერაციის პრესსამსახური იტყობინება, ამის შესახებ გადაწყვეტილება აღმასრულებელმა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
ყრილობა ძიუდოს ფედერაციაში (მისამართი: თბილისი, ბელიაშვილის 5) 30 სექტემბერს, 12:00 საათზე დაიწყება, დღის წესრიგი კი ასეთია:
1. საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის მოხსენება, ოთხწლიანი ანგარიში
2. საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები
3. ვიცეპრეზიდენტებისა და აღასკომის წევრების დამტკიცება
4. სხვადასხვა
პრეზიდენტობის მსურველთა განაცხადები მიიღება 2016 წლის 31 აგვისტოს 18:00 საათამდე, ძიუდოს ფედერაციაში.
საქართველოს ძიუდოს ფედერაციას 2012 წლის დეკემბრიდან დავით ქევხიშვილი ხელმძღვანელობს.