ფეხბურთი

11:21 | 23.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

დღეს ჩემპიონთა ლიგის ხუთი მონაწილე გაირკვევა – “რომა” თუ “პორტუ”?

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველი ხუთი გამარჯვებული გაირკვევა და ჯგუფური ეტაპი თითქმის დაკომპლექტდება. სამშაბათს გასამართ მატჩთაგან მთავარი ინტრიგა იტალიური “რომასა” და პორტუგალიური “პორტუს” დაპირისპირებას ახლავს. დანარჩენ ოთხ წყვილში ფავორიტები გამოკვეთილნი არიან.

რომში, “რომა” “პორტუს” დაუხვდება და სტუმრად მიღწეული შედეგიანი ფრით (1:1) წყვილში ფავორიტადაც მიიჩნევა. ერთი კვირის წინ ესტადიუ “დრაგაუზე” ორი განსხვავებული ტაიმი გაიმართა – პირველ 45 წუთში იტალიელები სჯაბნიდნენ მეტოქეს, მეორეში – პირიქით. ახლა, ორივე გუნდს ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწევს. “რომას” დღევანდელ მატჩში დისკვალიფიცირებული ტომას ვერმაელენი დააკლდება, რომელმაც პორტუში წითელი ბარათი მიიღო. მის გარდა, ლუჩანო სპალეტის განკარგულებაში ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე ალესანდრო ფლორენცი არ იქნება ტრავმის გამო. პორტუგალიურ გრანდს კი, დანაკლისი არ აქვს.

გასულ უიქ-ენდზე ორივემ შიდა ჩემპიონატის მატჩები მოიგეს. ნუნუ ესპირიტუს გუნდმა შინ ანდრე სილვას გვიანი გოლით “ეშტორილს” 1:0 აჯობა, ხოლო “რომამ” სერია A-ს სადებიუტო მატჩში “უდინეზე” 4:0 გაანადგურა.

ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელი დღევანდელ მატჩში მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრობს. სპალეტის განცხადებით, მათ მეტოქისგან განსხვავებით გოლი აუცილებლად გასატანი არ აქვთ, მაგრამ მოედანზე გასამარჯვებლად გაიყვანს გუნდს, ხოლო ნუნუ ესპირიტუს თქმით, მისი გუნდის მიზანი ერთადერთია – ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვედრა.

სხვათა შორის, “რომას” საპლეიოფო მატჩებში 1:1 როდესაც სტუმრად უთამაშია, შემდეგ ეტაპზე ყველა შემთხვევაში მოუხერხებია გასვლა, გარდა ერთი შემთხვევისა. ამასთან, ისიც სათქმელია, რომ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში იტალიური გუნდები ძალიან ცუდად თამაშობენ. უეფამ აღნიშნული სისტემა 2011 წლიდან დანერგა და მას შემდგომ ეს ბარიერი 2013 წელს მხოლოდ “მილანმა” გაიარა. ხოლო, შარშან “ლაციო” დამარცხდა, მანამდე “ნაპოლი”, “სამპდორია” და მიჯრით ორჯერ “უდინეზე”.

ლუჩანო სპალეტი (“რომას” მთავარი მწვრთნელი): “ადვილია ამ თამაშის შესახებ საუბარი, რადგან მას 8 თვე ველოდით. აქ ყოფნა ჩვენ დავიმსახურეთ, ვიშრომეთ აქ მოსახვედრად. ეს არის თამაში, რომლითაც წყდება ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირში მონაწილეობის საკითხი და ეს ჩემმა ბიჭებმა კარგად იციან. სწორედ ამიტომ წუხელ მშვიდად მეძინა – ჩვენ სახლში, საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ ვთამაშობთ.

დღეს უკეთესად უნდა ვითამაშოთ, ვიდრე ეს პორტუში გავაკეთეთ, როგორც ეს იმ მატჩის პირველ ტაიმში იყო. მეორე ნახევარში ჩვენ კარგად არ გვითამაშია და ამაზე გავლენა ვერმაელენის გაძევებამაც იქონია. “პორტუს” გოლი აუცილებლად გასატანი აქვს, ჩვენ ეს არ გვჭირდება, მაგრამ მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავალთ”.

ნუნუ ესპირიტუ სანტუ (“პორტუს” მთავარი მწვრთნელი): “ჩვენი მიზანი ჯგუფურ ეტაპზე თამაშია და ამისათვის დღევანდელი შეხვედრა მოსაგები გვაქვს. პირველ მატჩში ჩვენ რამდენიმე კარგი მომენტი შევქმენით, მაგრამ კონცენტრირებულნი არ ვყოფილვართ. მჯერა, სხვა შედეგი დავიმსახურეთ, თუმცა ფაქტია, რომ ახლა თამაში 1:1-დან დაიწყება. გახსნილ ფეხბურთს ვითამაშებთ, რადგან ჩემი და “პორტუს” სტილი ასეთია.

მნიშვნელოვანი არაა თუ რა ტაქტიკით ვითამაშებთ – ჩვენს წინაშე ერთადერთი ამოცანაა: გავიდეთ მოედანზე და ვიბრძოლოთ ნებისმიერ ეპიზოდში. ვინც ხვალ ითამაშებს, მისთვის საამაყო იქნება “პორტუს” მაისურის ჩაცმა”.

სავარაუდო შემადგენლობები:

“რომა” (4-3-3): შჩესნი; ბრუნო პერესი, მანოლასი, ჟუან ჟესუსი, ემერსონი; ნაინგოლანი, დე როსი, სტროტმანი; სალაჰი, ჯეკო, პეროტი

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

“პორტუ” (4-3-3): კასილიასი; მაქსი პერეირა, ფელიპე, მარკანო, ალექს ტელეში; დანილო, ანდრე ანდრე, ერერა; ოტავიო, ანდრე სილვა, კორონა

მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტუ სანტუ

მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)

“მონაკო” – “ვილიარეალი” – პირველი მატჩი: 2:1

ლეონარდო ჟარდიმი (“მონაკოს” მთავარი მწვრთნელი): “ვითამაშებთ, ისე, როგორც პირველ შეხვედრაში. კვალიფიკაციისთვის ჩვენი თამაშის ჩვენება აუცილებელია. “ვილიარეალი” ძალიან ძლიერი გუნდია, უყვარს ბურთზე კონტროლის დაწესება და ფლანგებზე აქტიურობა – მათ მაღალი ხარისხი აქვთ”.

ფრან ესკრიბა (“ვილიარეალის” მთავარი მწვრთნელი): “გუნდი მზადაა მატჩისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ტრავმირებული ფეხბურთელები მრავლად გვყავს. მაგრამ, ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. უნდა შევეცადოთ შედეგის გამოსწორებას. ვფიქრობ, პირველი გოლი გადამწყვეტი იქნება. ერთი კვირის წინ დაშვებული შეცდომები აღარ უნდა გავიმეოროთ თუ გვინდა რომ მომდევნო ეტაპზე გავიდეთ”.

“პლზენი” – “ლუდოგორეცი” – პირველი მატჩი: 0:2

რომან პივარნიკი (“პლზენის” მთავარი მწვრთნელი): “ყველაფერს გავაკეთებთ თამაშში რომ დავბრუნდეთ. გოლი აუცილებლად პირველებმა უნდა გავიტანოთ – ეს უმნიშვნელოვანესია – ჩვენ მინიმუმ ორი გოლი გვაქვს გასატანი, მაგრამ დაცვაში კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ”.

გეორგი დერმენდჟიევი (“ლუდოგორეცის” მთავარი მწვრთნელი): “არ ვფიქრობ, რომ რამეს მივაღწიეთ, რადგან “პლზენი” კარგი გუნდია. ჩვენს ფეხბურთს ვითამაშებთ და პირველი გოლის გატანას ვეცდებით. მაგრამ ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია გოლი არ გავუშვათ. ჩვენთვის და ბულგარული ფეხბურთისთვისაც ჯგუფურ ეტაპზე თამაში უდიდესი წარმატება იქნება”.

“ლეგია” – “დანდალკი” – პირველი მატჩი: 2:0

ბესნიკ ჰასი (“ლეგიას” მთავარი მწვრთნელი): “ჩვენ მზად ვართ “დანდალკის” დასამარცხებლად. საკუთარ ჩემპიონატში კარგად ვერ ვთამაშობთ, მაგრამ ევროპაში ყველაფერი სხვანაირადაა. “დანდალკმა” შეტევაზე უნდა იფიქროს, რადგან გასატანი აქვს, მაგრამ ჩვენი მიზანი გამარჯვებაა”.

სტეფენ კენი (“დანდალკის” მთავარი მწვრთნელი): “ჩვენ ორი ბურთით ჩამოვრჩებით, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ ამ ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად. მე მჯერა ჩემი ფეხბურთელების. ჩვენთვის ემოციურია ამ ეტაპზე და ამ დონეზე თამაში. მოვიგეთ ირლანდიის ჩემპიონატი და მინიმუმ ევროპა ლიგის ჯგუფი გარანტირებული გვაქვს. თუმცა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მოვხვდეთ”.

“ჰაპოელი” – “სელტიკი” – პირველი მატჩი: 2:5

ბარაკ ბახარი (“ჰაპოელის” მთავარი მწვრთნელი): “ყველაფერი შესაძლებელია და ვეცდებით “სელტიკი” გავიაროთ. რა თქმა უნდა, ჩვენი გულშემატკივრები საოცარ ატმოსფეროს შექმნიან სტადიონზე, როგორიც “სელტიკ პარკზე” იყო. გვინდა ვაჩვენოთ განსხვავებული შედები, ვიდრე გლაზგოში და ვნახოთ როგორ დასრულდება დღევანდელი შეხვედრა”.

ბრენდან როჯერსი (“სელტიკის” მთავარი მწვრთნელი): “ეს კვირა ჩვენთვის შესანიშნავი იყო. ჩინებულ პოზიციაში ვიმყოფებით. რთული გახლდათ, მაგრამ სამბურთიანი უპირატესობა გვაქვს. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა ჩვენი პირველი მიზანია”.

0.201988