დღეს, 51 წლის ასაკში გარდაიცვალა თბილისის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი ლევან ბარათაშვილი.
ლევან ბარათაშვილი ტექნიკური და საზრიანი ნახევარმცველი გახლდათ. 1981-1985 წლებში თამაშობდა თბილისის "დინამოში", შემდეგ ერთი სეზონი ქუთაისის "ტორპედოში" გაატარა, კიდევ ბათუმის "დინამოში", ლანჩხუთის "გურიასა" და რუსთავის "მეტალურგში" გახლდათ. ეს საკავშირო ჩემპიონატის დროს. სხვათა შორის, თბილისის "დინამოს" დუბლებში 17 წლისა მოხვდა.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი რომ დაიწყო, ლევანი "გურიაში" გახლდათ და წელიწადნახევარიც ითამაშა. მერე ერთი პერიოდი ისლანდიის "ვესტმანაიერში" წავიდა, ისევ საქართველოს დაუბრუნდა და ერთი წელი თელავის "კახეთშიც" იყო.
ბარათაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობდა წინა ხელმძღვანელობის პერიოდში. 2000 წელს დაბადებულთა ნაკრებსაც წვრთნიდა ოთარ კორღალიძესთან ერთად.
"მსოფლიო სპორტი" ხობის "კოლხეთის" მწვრთნელს, წარსულში ცნობილ ფეხბურთელ გია გურულს დაუკავშირდა. ისინი ერთად იზრდებოდნენ, ორივენი ჭიათურაში დაიბადნენ.
გია გურული: - ძალიან დამწუხრებული ვარ, მოულოდნელი იყო ეს ამბავი. მე და ლევანი ბავშვობიდან ერთად მოვდიოდით, ორივენი 1964 წელს დავიბადეთ ჭიათურაში და ადგილობრივ სპორტსკოლაში ვთამაშობდით, რომელის მწვრთნელიც ლევანის მამა, ზურაბ ბარათაშვილი გახლდათ.
... მე მეხუთე კლასში ვიყავი, როცა თბილისში წავედი, გლდანის ინტერნატში. ლევანი კი მერვე კლასში იყო, თბილისში რომ გადავიდა.
... გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ ჩვენს თაობაში ერთ-ერთი უნიჭიერესი ფეხბურთელი იყო. ტექნიკური, სწრაფი და შემოქმედებითი სტილის".