ოდესის “ჩერნომორეცის” ქართველი ლეგიონერი დავით ხოჭოლავა უკრაინის პრემიერლიგის მეხუთე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. 23 წლის ფეხბურთელს გასულ ტურში კარგი თამაში ავტორიტეტულმა გამოცემა Football.ua-მ დაუფასა. მოგეხსენებათ, დავითმა თავის გუნდს გასვლაზე “ზირკასთან” მატჩში გატანილი გოლით (VIDEO) მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა. წყარო კი მასზე წერს:
“ერთი კვირის წინ ალექსანდრ ბაბიჩის გუნდს ცენტალურმა მცველმა ევგენი მარტინენკომ მოაგებინა, რომელმაც დუბლი შეასრულა. ამჯერად კი, უკვე მისმა მეწყვილემ – დავით ხოჭოლავამ. ამას ისიც ემატება, რომ “ჩერნომორეცმა” კარი მშრალად შეინახა”, - წერს Football.ua.
შეგახსენებთ, დავით ხოჭოლავა მეორე სეზონია რაც “ჩერნომორეცში” ირჯება. გასულ სეზონში მან პრემიერლიგაში 18 მატჩში 1 გოლის გატანა შეძლო, წლეულს კი, ხუთივე მატჩში შეუცვლელად ჩაატარა და “ზირკასთან” გატანილი გოლი მისთვის ამ სეზონში სადებიუტო იყო. საქართველოში დავითი თბილისის “დინამოს”, ფოთის “კოლხეთისა” და ქობულეთის “შუქურას” რიგებში ირჯებოდა.