სხვა

11:32 | 22.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლერი ხაბელოვი: "ოქროებს სწორედ ძალოსნებისგან და მოჭიდავეებისგან ველოდით”

2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო – ასეთია საქართველოს მონაგარი რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე. ქართველმა სპორტსმენებმა მედლების რაოდენობით ყველაზე წარმატებული ოლიმპიადის – ლონდონი 2012-ის შედეგი (7 მედალი) გაიმეორეს. ხარისხობრივად კი 4 წლის წინანდელი მიღწევა გააუმჯობესეს.

გუშინ დასრულებული ოლიმპიადა worldsport.ge-სთვის საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა შეაჯამა.

- რას ელოდით ამ ოლიმპიადიდან, კმაყოფილი ხართ თუ არა საბოლოო შედეგით?

- რიოს ოლიმპიური თამაშები ქართული სპორტისთვის ნამდვილად წარმატებულია და მინდა ყველას მივულოცო. ჩვენი ლოზუნგი - "უკეთ, ვიდრე ლონდონის ოლიმპიადაზე” შესრულებულია. გავაუმჯობესეთ 4 წლის წინანდელი შედეგი. იმედია აღმასვლას შემდეგ ოლიმპიადებზეც გავაგრძელებთ.

- რომელი სპორტსმენებისგან და სახეობებისგან ელოდით ყველაზე მაღალ შედეგებს?

- ოლიმპიადის დაწყებამდე, აღმასკომის სხდომების თუ უბრალოდ შეკრებების დროს, მიზნებსა და გეგმებზე არაერთხელ გვისაუბრია. ზუსტად ისეთი გათვლა გვქონდა, როგორი შედეგიც მივიღეთ.

- ვისი გეიმედებოდათ ყველაზე მეტად?

- ძალოსნების და თავისუფალი სტილით მოჭიდავეების. ოქროს მედალი სწორედ ამ ორ სახეობაში უნდა მოგვეპოვებინა და საბედნიეროდ ასეც მოხდა. ცხადია, მედლებს კიდევ რამდენიმე სახეობაში ველოდით, მაგრამ უმაღლეს სინჯს მხოლოდ ძალოსნობასა და თავისუფალ ჭიდაობაში.

- ყველაზე ემოციური მომენტი, რომელიც რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშებიდან დაგამახსოვრდათ...

- ძალოსნობაში მოპოვებული შთამბეჭდავი გამარჯვება. ლაშა ტალახაძემ, გარდა იმისა, რომ ოლიმპიური ოქრო მოიპოვა, გააუმჯობესა მსოფლიოს და ოლიმპიური რეკორდი. ასევე მძიმეწონოსანმა ირაკლი თურმანიძემ კი სასწაული ჩაიდინა – ბრინჯაოს მედალი ისეთი სიმძიმის შტანგით მოიპოვა, რომელიც ვარჯიშზეც კი არ ჰქონდა აწეული. ეს იყო ქართული ძალოსნობის ტრიუმფი. მადლობა ნაკრების სამწვრთნელო შტაბს და ძალოსნობის ეროვნულ ფედერაციას.

- იმედგაცრუების ან დაუკმაყოფილებლობის გრძნობა რომელი სპორტსმენების გამოსვლამ დაგიტოვათ?

- ოლიმპიურ თამაშებს გულდასაწყვეტი ამბებიც ახლავს ხოლმე და გამონაკლისი არც რიო 2016 ყოფილა. რამდენიმე დასანანი მარცხი იწვნიეს ძიუდოისტებმა, რამაც ხასიათი ცოტა გაგვიფუჭა. ვფიქრობ, მათ უკეთესი შედეგის მიღწევაც შეეძლოთ.

ოთარ მაღლაკელიძე, worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროში

0.114342