კალათბურთი

0:37 | 22.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ამერიკელთა ტრიუმფი კალათბურთელებმა დაამშვენეს

რიოს XXXI ოლიმპიური თამაშები ამერიკელთა ტრიუმფით დასრულდა. ოლიმპიადის დასკვნითი მედლები ვაჟთა საკალათბურთო ტურნირში გათამაშდა, რომლის გამარჯვებულის ვინაობაც ჯერ კიდევ შეჯიბრის დაწყებამდე იყო ცნობილი. ამერიკელებმა სერბეთი 96:66 (19:15, 33:14, 27:14, 17:23) გაანადგურეს და ქვეყანას რიოში 46-ე (!) ოქროს მედალი მოუტანეს.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელი კევინ დიურანტი გახდა, რომემაც თამაშიდან 19-დან 10 ტყორცნა გამოიყენა და 30 ქულა ჩააგდო. დიდებული იყო დემარკუს კაზინსიც, რომელმაც 13 ქულას 15 მოხსნა წაამატა, კლეი ტომპსონმა 12 ქულა ჩააგდო, პოლ ჯორჯმა – 9, კარმელო ენტონიმ კი 7 ქულას ამდენივე მოხნა წაამატა.

საერთო ჯამში, აშშ-ს დელეგაციამ 46 ოქრო, 37 ვერცხლი და 38 ბრინჯაო (სულ 121) მედალი მოიპოვა და უახლოეს კონკურენტებს საგრძნობლად გაუსწრო. საერთო ჩათვლაში მე-2 დიდი ბრიტანეთი იყო – 27 ოქრო, 23 ვერცხლი, 17 ბრინჯაო (სულ 67), მე-3 კი – ჩინეთი – 26 ოქრო, 18 ვერცხლი, 26 ბრინჯაო (სულ – 70).

შეგახსენებთ, რომ ქართველმა სპორტსმენებმა რიოში 7 მედალი (2 ოქრო, 1 ვერცხლი, 4 ბრინჯაო) დაისაკუთრეს და იმ 88 ქვეყანას შორის, რომელთაც თუნდაც 1 მედალი მოიპოვეს, საკმაოდ მაღალი – 38-ე პოზიცია ერგოთ.

საგულისხმოა, რომ ქართველებმა უკან მოიტოვეს აზერბაიჯანი, ბელარუსი, თურქეთი, სომხეთი, ჩეხეთი, სლოვენია, რუმინეთი, ლიტვა, ბულგარეთი, მონღოლეთი, ნორვეგია, ეგვიპტე, ისრაელი, მოლდოვა, პორტუგალია, ავსტრია, ფინეთი და სხვები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117794