ჭიდაობა

1:05 | 22.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლერი ხაბელოვი: "ოდიკაძე ამერიკელთან მოსაგებად მზად არ იყო”

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძემ რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების საპრიზო სამეულში მოხვედრის შანსი გადამწყვეტ შეხვედრაში დაკარგა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა რეპეშაჟის ფინალში რუმინეთის ნაკრების წევრ ალბერტ სარიტოვთან 0:10 წააგო და საბოლოოდ მე-5 ადგილს დასჯერდა.

ფინალური ბლოკის შეხვედრებს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვიც დაესწრო. დაჯილდოების ცერემონიის დასრულების შემდეგ, მან worldsport.ge- შეკითხვებს უპასუხა.

- წინასწარი ეტაპების შეხვედრების შემდეგ, ალბათ ოდიკაძისგან მინიმუმ ბრინჯაოს მედალს ელოდით...

- ვფიქრობდი, რომ თუ კენჭისყრისას გაუმართლებდა, მედლის აღებასაც შეძლებდა, მაგრამ თქვენც ნახეთ, რომ ნახევარფინალში უძლიერეს ამერიკელს დაუპირისპირდა, რომელთანაც წარმატების შანსი არ ჰქონდა. თავიდან თითქოს კარგად წაიყვანა შეხვედრა, მაგრამ საბოლოოდ მოხდა ის, რაც ლოგიკურად უნდა მომხდარიყო.

- 4:0 მოგებული პირველი მაინც რა იყო წარუმატებლობის მიზეზი?

- ფუნქციონალურად არ იყო მზად. ფიზიკურად და მორალურად უმაღლეს დონეზე მომზადებულ ამერიკელს ექვსი წუთი ღირსეულ წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა, რაც გამოჩნდა კიდეც. როდესაც 4 ქულით იგებდა, მაშინვე ვუთხარი ჩემს გვერდით მყოფებს, რომ თუ ანგარიშს სწრაფადვე არ გაზრდიდა, უპირატესობას შეხვედრის ბოლომდე ვერ შეინარჩუნებდა.

- ფსიქოლოგიურადაც ხომ არ გაუჭირდა?

- რა თქმა უნდა. ეს ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაშიც გამოჩნდა. სამწუხაროდ, გადამწყვეტ მომენტში ვერაფერი გააკეთა.

ოთარ მაღლაკელიძე, worldsport.ge- სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროში

0.061347