საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობა მე-12 ადგილზე დაასრულა. ტურნირის უკანასკნელ მატჩში ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილი გუნდი ჰოლანდიას შეხვდა და 47:69 დამარცხდა.
ეს გახლდათ მესამე მატჩი ჯგუფური ეტაპის შემდეგ, სადაც საქართველომ 5-დან 2 შეხვედრა მოიგო და პლეი ოფში ვერ გავიდა. ჯგუფში ჩარჩენის შემდეგ, ქართველებმა 9-16 ადგილებისთვის ბრძოლაში გადაინაცვლეს და პირველ შეხვედრაში რუმინეთი დაამარცხეს, თუმცა, მომდევნო მატჩები პორტუგალიასა და ჰოლანდიასთან დათმეს და საბოლოოდ მე-12 ადგილს დასჯერდნენ.
არც ჰოლანდიასთან უთამაშია ჩვენი ნაკრების ლიდერ ოთარ პერტაიას. მოედანზე ვერ გავიდა ასევე ბორის თორთლაძე. დასუსტებულმა საქართველოს ნაკრებმა ჰოლანდიელებს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწია, რომელიც 33:35 დათმო, ხოლო მესამე და მეოთხე პერიოდები შესაბამისად 7:16 და 7:18 წააგო და საბოლოოდ, დიდი ანგარიშით დამარცხდა.
ერთადერთი ქართველი, რომელიც 10-ქულიან თამასას ასცდა, ლაშა მიქელაძე იყო – 12. 8-8 ქულა კახა ჟღენტმა და გიორგი ჭეიშვილმა მიითვალეს. საქართველოს ნაკრებმა ევროტურნირი დაასრულა და სოფიიდან სამშობლოში 21 აგვისტოს დაბრუნდება.
ევროპის U16 ჩემპიონატი. B დივიზიონი. მატჩი მე-11 ადგილისთვის
ჰოლანდია 69:47 საქართველო
www.gbf.ge