ფეხბურთი

10:29 | 21.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილია - პირველი ოლიმპიური ოქრო ფეხბურთში

ბრაზილიის ნაკრები ფეხბურთში პირველად გახდა ოლიმპიადის გამარჯვებული. აქამდე მათ სამი ფინალი ჰქონდათ წაგებული (1984, 1988, 2012) და ნავსი გატეხეს: რიოში, საკუთარ კედლებში იზეიმეს ჩემპიონობა.

ბრაზილია-გერმანია: ამაზე უკეთეს ფინალი, აბა, რა უნდა ყოფილიყო. დრამატიზმი არ აკლდა თამაშს, საბოლოოდ კი იმ გუნდმა მოიგო, რომლსაც ჰყავდა რიოს ოლიმპიადის საუკეთესო ფეხბურთელი. მიხვდებოდით, ვისზეც არის საუბარი.

სწორედ ამ ფეხბურთელმა გახსნა ანგარიში. 26-ე წუთი იყო, საჯარიმო დაინიშნა და ნეიმარის დარტყმული ხარიხიდან ასხლეტით ჩაეშვა კარში - 1:0. არადა, გერმანელებმა პირველ ტაიმში სამჯერ მოარტყეს ბურთი ხარიხას, ორჯერ იულიან ბრანდტმა და ერთხელაც სვენ ბენდერმა.

ჰორსტ ჰრუბესის გაწვრთნილები საწყის 10-15 წუთში უკეთ გამოიყურებოდნენ, მერე კი ბრაზილია დაეუფლა უპირატესობას და ნეიმარის გოლიც ლოგიკური იყო. თუმცა, "ბარსელონას" ვარსკვლავს სხვა შემტევები ვერ უბამდნენ მხარს, პირწმინდად ჩააგდო მატჩი გაბრიელ ბარბოსამ, გაბრიელ ჟესუსიც ფინალამდე უკეთ გამოიყურებოდა და მაინცდამაინც ვერც ლუანი აქტიურობდა.

ეს პირველ ტაიმში, მეორეში კი უკეთ ითამაშეს მასპინძლებმა, მაგრამ მას მერე, რაც 1:1 გახდა ანგარიში. ანგარიში კი მაქს მაიერმა გაათანაბრა კარგი კომბინაციის შემდეგ. ორივე გუნდიდან კაპიტნებმა გაიტანეს. ისიც ვთქვათ, რომ ეს ბრაზილიელთა პირველი გაშვებული გოლი იყო ამ ოლიმპიადაზე.

სერჟ გნაბრი, რომელიც ფინალამდე გერმანელთა ყველაზე მწვავე შემტევი იყო, გადამწყვეტ მატჩში აქტიური ვეღარ გახლდათ და ბევრი წუნი ჰქონდა. ზელკემ ფინალიც ჩააგდო. გერმანელთაგან საუკეთესო იყო ცენტრალური მცველი ზიულე, რომელიც თამაშის მანერით მათს ჰუმელსს წააგავს.

ისე, ბრაზილიელთა უპირატესობა, რომელიც დაახლოებით 65-ე წუთიდან თვალსაჩინო გახდა, ლარს ბენდერის ტრავმამაც გამოიწვია. საყრდენი ნახევარმცველი ნეიმართან შეჯახებისას დაშავდა და შესაცვლელი გახდა.

ბრაზილია გოლს ამწიფებდა, გერმანელებს უკვე ძალიან უჭირდათ არათუ კონტრშეტევა, ბურთის საჯარიმოდან ამოტანაც კი. დამატებით დროშიც აშკარად ჩანდა, რომ ევროპელებს პენალტებამდე სურდათ საქმის მიყვანა და ეს მოახერხეს კიდეც.

პენალტებში კი ის იშვიათი ამბავი მოხდა, როცა გერმანიამ წააგო. ოთხ-ოთხი ზუსტი დარტყმის შემდეგ, პეტერსენს ბრაზილიელთა მეკარე ვევერტონმა აუღო, გადამწყვეტი დარტყმა კი ნეიმარმა შეასრულა, გაიტანა და სიხარულისგან იქვე ატირდა.

ჩვენის მხრივ შეგახსენებთ, რომ ქართველებს გვყავს ოლიმპიური ჩემპიონი ფეხბურთში: გელა კეტაშვილი. 1988 წელს სეულში სსრკ-ის ნაკრებმა ფინალში სწორედ ბრაზილია დაამარცხა (დამატებით დროში 2:1) და კეტაშვილს იმ დროს ჯერ კიდევ 22 წლის რომარიოს მეურვეობაც ევალებოდა.

ბრაზილია-გერმანია 1:1 (პენალტებში 5:4)

ბრაზილია: ვევერტონი, ზეკა, მარკინიოში, კაიო, დუგლას სანტოსი, უოლასი, რენატო აუგუსტო, ლუანი, ნეიმარი, ბარბოსა (ანდერსონი 70), გაბრიელ ჟესუსი (რაფინია 95)

მწვრთნელი: როჟერიო მიკალე

გერმანია: ჰორნი, თოლიანი, ზიულე, გინტერი, კლოსტერმანი, სვენ ბენდერი, ლარს ბენდერი (პრიომელი 67), მაიერი, ბრანდტი, გნაბრი, ზელკე (პეტერსენი 77)

მწვრთნელი: ჰორსტ ჰრუბეში

გოლები: 1:0 ნეიმარი (26), 1:1 მაიერი (59)

გაფრთხილება: ზეკა (30), ბარბოსა (44), ზელკე (49), პრიომელი (77), სვენ ბენდერი (81), ზიულე (88)

პენალტები გაიტანეს: რენატო აუგუსტომ, მარკინიოშმა, რაფინიამ, ლუანმა, ნეიმარმა; გინტერმა, გნაბრიმ, ბრანდტმა, ზიულემ.

ვერ გაიტანა: პეტერსენმა.

0.115943