ჭიდაობა

2:43 | 21.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

გენო პეტრიაშვილი: "მიხარია, რომ უმედლოდ არ დავრჩი”

რიო 2016-ზე საქართველოს მონაგარი 7 მედლამდე გაიზარდა. ოლიმპიური თამაშების ბოლოსწინა დღეს 20 აგვისტოს პოდიუმზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ავიდა. ქართველმა მძიმეწონოსანმა მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. 22 წლის სპორტსმენისთვის სადებიუტო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლის აღება წარუმატებლობა ნამდვილად არაა, მაგრამ ვინც პეტრიაშვილის ჭიდაობას უყურა, საბოლოო შედეგით ალბათ ყველა თუ არა, უმრავლესობა იმედგაცრუებული და გულდაწყვეტილი დარჩა. მსოფლიო რეიტინგის ქართველ ლიდერს მინიმუმ ფინალში გასვლა რეალურად შეეძლო.

"ალბათ მართლა შეიძლებოდა, უფრო მაღალი სინჯის მედალი მომეპოვებინა, მაგრამ საბოლოო შედეგით უკმაყოფილო მაინც არ ვარ” – უთხრა "მსოფლიო სპორტს” გენო პეტრიაშვილმა დაჯილდოების ცერემონიის დასრულებისთანავე – მიხარია, რომ უმედლოდ არ დავრჩი. საერთოდ არ მიყვარს თავის მართლება და არც ამჯერად ვაპირებ. ვთვლი, რომ მაჯობა ირანელმა მეტოქემ და დამსახურებულად გავიდა ნახევარფინალში. წამიერად მოვდუნდი და შეცდომა ძვირად დამიჯდა. ბრინჯაოს გზაზე კი იმედია გულშემატკივრებს ხასიათი გამოვუკეთე”.

ზაფხულის 31-ე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ანგარიშზე 2 ოქროს 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალია. გენო პეტრიაშვილის პოდიუმზე ასვლამდე, ძალოსანი ლაშა ტალახაძე და თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ. ძიუდოისტ ვარლამ ლიპარტელიანს უმაღლეს ტიტულამდე ერთი მოგება დააკლდა და შესაბამისად, ვერცხლს დასჯერდა. ასევე ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა, ძალოსანმა ირაკლი თურმანიძემ და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძემ კი გენო პეტრიაშვილის მსგავსად, მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

ოთარ მაღლაკელიძე, worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროში

0.119452