ისევ “იუვენტუსი”, “რომა”, “ნაპოლი” თუ “ინტერი”? – შეძლებს თუ არა ბოლოს და ბოლოს “მილანი” ძველი დიდების დაბრუნებას ან ამას თუ ვერ, მაშინ ევროზონაში მოხვედრას მაინც და ევროპასპარეზზე სამწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებას...
დღეს, იტალიის სერია A-ს ახალი, 2016-2017 წლების სეზონი დაიწყება. ზემოთჩამოთვილი კი ის მთავარი ინტრიგებია, რაც კალჩოს მოყვარულთ ყველაზე მეტად აინტერესებთ. სიმართლე შესაძლოა იყოს, რომ იტალიის ჩემპიონატმა ახლო წარსულთან შეადრებით ხიბლი დაკარგა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც სერია A-ს რიგით ჩემპიონატებში მაინც ვერ შევიყვანთ. ამიტომაც, მივყვეთ თანმიმდევრობით და შეძლებისდაგვარად გავერკვეთ ვისგან რას უნდა ველოდეთ ახალ სეზონში...
სკუდეტოს გზა
ახალ ველოსიპედს ნამდვილად ვერ გამოვიგონებთ და ტურინის “იუვენტუსი” ზედიზედ მეექვსე სკუდეტოსთან ამჟამინდელი მონაცემებით ყველაზე ახლოსაა. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა შარშან პირველი ათი ტური საშინლად ჩაატარა, მაგრამ მერე ისეთი სერია გამოაცხო, კარგა ხნით ადრე გაჩემპიონდა. “იუვეს” სხვა იტალიური გუნდებისგან აქვს მთავარი – გამარჯვებულის მენტალიტეტი. ტურინული გრანდისთვის ბოლო წლები ძალზე ნაყოფიერია და ყოველ ზაფხულს შემადგენლობასაც ზუსტად ისე ავსებს და აბალანსებს, როგორც საჭიროა. წელს “იუვენტუსმა” ფრანგი პოლ პოგბა გაასხვისა 110 მილიონ ევროდ, მაგრამ საეჭვოა პოგბას წასვლა “ბებერ ქალბატონს” შიდა ასპარეზზე დიდად დაეტყოს. ამასთან, “იუვემ” მეტად წარმატებული სატრანსფერო პოლიტიკა აწარმოა – დანი ალვეში, მეჰდი ბენატია, მირალემ პიანიჩი, მარკო პიაცა და რაღა თქმა უნდა გონსალო იგუაინი. არგენტინელში ტურინელებმა მათთვის სარეკორდო თანხა 90 მილიონი გაიღეს და ბუნებრივია “პიპიტასგან” დიდი მოლოდინი აქვთ. სხვათა შორის, გონსალოს ტურინში ყოფნის პირველ დღეებში წონის პრობლემა შეექმნა, რის გამოც სოციალური ქსელის ქილიკის ობიექტიც გახდა. ისე, ტურინში არ მალავენ, რომ სკუდეტოზე მნიშვნელოვნად ახლა ჩემპიონთა ლიგა მიაჩნიათ და ვინ იცის, იქნებ შიდა ასპარეზზე ალეგრის გუნდმა ძალების დაზოგვასაც მოუხშიროს.
“იუვენტუსის” შემდეგ სკუდეტოს მთავარ მაძიებლად ყველაზე მეტად სამი გუნდი უნდა მივიჩნიოთ – “ნაპოლი”, “რომა” და “ინტერი”. ამათგან კი, დედაქალაქური გუნდის შანსი ყველაზე მეტად ფასობს. “ჯალოროსიმ” ერთ-ერთი ლიდერი მირალემ პიანიჩი კი დაკარგა, მაგრამ სამაგიეროდ საკმაოდ საინტერესო ფეხბურთელები დაიმატა. ლუჩანო სპალეტიმ ხელმძღვანელობას დაცვის ხაზის გაძლიერება მოსთხოვა და მას სურვილი შეუსრულეს კიდეც. სხვათა შორის, ერთი საინტერესო დეტალია: თუ “რომა” სკუდეტოს მოიგებს, ფრანჩესკო ტოტი კარიერას დაასრულებს. ამის შესახებ ლეგენდარულმა შემტევმა თავადვე განაცხადა ცოტა ხნის წინ...
შანსი უნდა მივცეთ “ნაპოლისაც”, მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო მეტი კითხვის ნიშანი ჩნდება – შარშან ნეაპოლელები მეორეზე გავიდნენ, მაგრამ მაშინ “სან პაოლოზე” გონსალო იგუაინი ბომბარდირობდა, თუმცა ახლა გონსალო კონკურენტ გუნდშია. შევსების მხრივაც, აურელიო დე ლაურენტისს ჯერ განსაკუთრებით არ უაქტიურია და ძნელი წარმოსადგენია ამ ეტაპზე როგორი იქნება “ნაპოლის” თამაში. მაგრამ, ამ გუნდის ჩამოწერა ჯერ ნაადრევია. და “ინტერი”. ის “ინტერი”, რომელსაც მოსამზადებელი ეტაპი კოშმარულად ცუდი გამოუვიდა და რომელიც რობერტო მანჩინიმ დატოვა, მის ნაცვლად კი ფრანკ დე ბური მივიდა “ნერაძურიში. როგორი იქნება ჰოლანდიელის იტალიური თავგადასავალი. თუმცა, ფაქტია, რომ “ინტერნაციონალეს” საკმაოდ კარგი კონტიგენტი ჰყავს და წელსაც ნორმალური შევსება მიიღო. ევერ ბანეგა კი, მათ შორის უდაოდ გამორჩეულია. ისე, საინტერესოა შეძლებს თუ არა არგენტინელი აპენინზეც თავის კარგად წარმოჩენას.
ევროზონასთან ახლოს...
წესით ამ სეზონში ხსენებულ ოთხეულთან ძალზე ახლოს უნდა იტრიალონ “ფიორენტინამ”, “ლაციომ”, “”სასუოლომ” და “მილანმა”. დიახ, “მილანმა” – “როსონერიში” სილვიო ბერლუსკონის ხანა წარსულის სახსოვარია, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ახალმა ხელმძღვანელობამ ხმაურიანი ტრანსფერები გაჩარხა. მეტიც, “მილანში” ამ დროისთვის ოდენ სამი ახალწვეულია და მათ შორის ყველაზე ცნობადი სახე ხოსე სოსა გახლავთ... და მაინც, “სან სიროზე” ახალი მწვრთნელი ჰყავთ ვინჩენცო მონტელას სახით და ვინ იცის, ეგებ გაამართლოს. თანაც ხომ გაგიგიათ, ახალი ცოცხი კარგად გვისო. გასული სეზონი მთლიანად ჩაუვარდა ამბიციურ “ლაციოს” და მარსელო ბიელსამაც ბოლო მომენტში გადააგდო კლაუდიო ლოტიტო, მაგრამ “არწივებმა” შემადგენლობა შეძლებისდაგვარად გააძლიერეს – ყველაზე მეტად მათ დაცვაში იაქტიურეს, მთავარი შენაძენი კი ჩირო იმობილეა, რომლისგანაც ბევრს ელიან. ამბიციები აქვს “ფიორენტინასაც” – ამ გუნდს მოსამზადებელი ეტაპი კარგი ნამდვილად არ ჰქონია, რადგან თითქმის ყველა სპარინგი წააგო, მაგრამ ამხანაგური მატჩებით დასკვნების გამოტანა მაინც უადგილო და ნაჩქარევი გადაწყვეტილება იქნება. ყველაზე საინტერესო კი ამათ შორის “სასუოლოს” თამაშია. ეუსებიო დი ფრანჩეკოს გუნდმა შარშან ბრწყინვალედ იასპარეზა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება ისტორიაში პირველად ირგუნა. აღნიშნულ ტურნირზე “ნეროვერდი” ჯერჯერობით ჩინებულად გამოდის და ჯგუფურ ეტაპთან ძალზე ახლოსაა. არც ის დაგვავიწყდეს, რომ “სასულოს” რიგებში ირჯება დომენიკო ბერარდი, რომელიც ახლა ჩინებულ ფორმაშია და რომელიც სპეციალისტთა მიერ ყველაზე იმედისმომცემ ფეხბურთელადაა იტალიის ჩემპიონატში მიჩნეული. ვნახოთ, რამდენად გაამართლებს დომენიკო გაცემულ ავანსებს.
ბრძოლა გადარჩენისთვის
არგავარდნისთვის რამდენიმე გუნდი იბრძოლებს, თუმცა არიან გუნდები, რომელთა შანსი უფრო ძვირად ფასობს, ხოლო დანარჩენების – ნაკლებად. საინტერესოა, როგორ წარმოაჩენს თავს ელიტაში ახლახან დაბრუნებული “პესკარა” ან “კროტონე” და “კალიარი”. ამათგან, ყველაზე საინტერესოდ დაკომპლექტებული სარდინიული გუნდია. მარტო ის რად ღირს, რომ მიმდინარე ზაფხულს კუნძულელებმა ევროპის ჩემპიონი ვეტერანი ბრუნო ალვეში გაიფორმეს. აქვეა კიდე ერთი ნაცნობი სახე მარკო ბორიელო. და რაც მთავარია, კიპერიც საიმედო ჰყავთ – მარკო სტორარი.
მეორე ეშელონის გუნდებიდან ყველაზე საინტერესო ჩვენთვის ტოსკანური “ემპოლია”, რომლის ღირსებასაც ორი ქართველი იცავს - ლევან მჭედლიძე და რომან ჭანტურია. არავინ იცის, რამდენი სათამაშო დრო მიეცემა ამჯერად ქართველ შემტევებს. ტოსკანელთა შეტევის ხაზში კონკურენცია მართლაც დიდია – მასიმო მაკარონე და ალბერტო ჯილარდინო. წესითა და რიგით ცხრილის შუაში უნდა ველოდეთ გენუურ გუნდებს “ჯენოასა” და “სამპდორიას”, ასევე “ტორინოს”, რომელსაც შემადგენლობა საკმაოდ ძლიერი ჰყავს და მწვრთნელიც საინტერესოა, სინიშა მიხაილოვიჩი. ტურინელებმა მათთვის არადამახასიათებლად იაქტიურეს სატრანსფერო ბაზარზე და ყველა რგოლში გამოცდილი, საკმაოდ ცნობილი ფეხბურთელები დაიმატეს. თუნდაც იაგო ფალკე, ლორენცო დე სილვესტრი, ლეანდრო კასტანი და ადემ ლიაიჩი...
მოკლედ, სერია A დღეს იწყება და წინ მართლაც საინტერესო, დაძაბული ჩემპიონატი ელოდება კალჩოს მოყვარულთ. მთავარი ინტრიგა კი სათაურშია: “იუვენტუსი” მეექვსედ?!