ფეხბურთი

18:38 | 18.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

გოგა გახოკიძე ტრანსფერებზე და დევაძის საკითხზე

ბუბა დაუშვილი ლვოვის "კარპატიდან" უნგრეთის "დიოშდიორში" და გიორგი ქვილითაია თბილისის "დინამოდან" ავსტრიულ "რაპიდში" - ამ ზაფხულს ეს ორი ტრანსფერი გოგა გახოკიძის მიერ განხორციელდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფლანგელი ნახევარმცველი worldsport.ge-ს რესპონდენტია. ქართველ მენეჯერს სხვადასხვა თემაზე ვესაუბრეთ, მათ შორის, ქუთაისის "ტორპედოზეც".

- ქვილითაიათი დავიწყოთ, წლეულს ერთ-ერთი გამორჩეული ქართული ტრანსფერია. "რაპიდის" ვარიანტი რამდენი ხნის წინ გამოჩნდა?

- რამდენიმე თვის წინ დაინტერესდა "რაპიდი", რომლის სპორტულ დირექტორ ანდრეას მიულერს ლევან კობიაშვილთან და ალექსანდრე იაშვილთან დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებს. მიულერი "შალკეს" მენეჯერი იყო, როცა კობიაშვილი თამაშობდა იქ. ლევანმა და იაშვილმაც რეკომენდაცია გაუწიეს ქვილითაიას, დიდი წვლილი მიუძღვით ამ ტრანსფერის განხორციელებაში და ეს დასაფასებელია.

- ქვილითაიას ტრავმა აქვს და როდის იწყებს ვარჯიშს?

- ერთ კვირაში, ან ათ დღეში გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშებს და სექტემბერში უკვე დაიწყებს თამაშს.

- ქვილითაიასთვის ახალი გამოწვევაა "რაპიდი". როგორ შეატყვეთ, რამდენად დიდ იმედებს ამყარებენ ავსტრიელები გიორგიზე?

- ანდრეას მიულერი უდავოდ დადებითი პიროვნებაა. ყველანაირად გვაგრძნობინა, რომ დიდ პატივს გვცემს და გიორგიც თბილად მიიღეს გუნდში. ახლა ჯერი ფეხბურთელზეა, მან უნდა გამოიყენოს ეს მშვენიერი შანსი. "რაპიდს" როგორი ტრადიციები აქვს, როგორი პოპულარული კლუბია და როგორი პირობებია იქ ახალგაზრდა ფეხბურთელის წინსვლისთვის, ეს ისედაც იცით. რაც შეეხება ბუბა დაუშვილის "დიოშდიორში" გადასვლას, მოხარული ვარ, რომ ნაკრების ფეხბურთელი გადავიდა უნგრეთის ჩემპიონატში და საკმაოდ კარგად თამაშობს. ეს ტრანსფერი მენეჯერ ლაშა ოდილაძის დიდი დამსახურებაა, რომელსაც მჭიდრო საქმიანი ურთიერთობა აქვს უნგრეთის წამყვან კლუბებთან. ვცდებით, რომ უნგრეთის ჩემპიონატი კიდევ მოვამარაგოთ ქართველი ფეხბურთელებით.

- ჰოლანდიური "ვიტესის" წარმომადგენელი ხართ საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. გურამ კაშიას სატრანსფერო საკითხზე ხომ არაა სიახლე? ან ხომ არაა შესაძლებელი, რომ "ვიტესში" კიდევ ერთი ქართველი გამოჩნდეს?

- არა, ჯერჯერობით სიახლე არაა. არის საუბარი, მაგრამ წინასწარ არ მინდა რაიმეს თქმა. ვმუშაობთ ერთ-ერთი ქართველ ფეხბურთელის უცხოეთის კარგ გუნდში გადაყვანაზე, თუმცა სჯობს, არ დავაკონკრეტო.

- ერთი თვის წინ იყო საუბარი, გოგა გახოკიძე ქუთაისის "ტორპედოს" სპორტულ დირექტორად დაინიშნებაო...

- ჯერჯერობით, კლუბი არ გადასულა კერძო ბიზნესმენის მფლობელობაში, ამიტომაც, ეს საკითხი შეჩერებულია. ზაალ ჩაჩავასთან ახლო მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა მაქვს მეც და ლევან ცქიტიშვილსაც. ცქიტიშვილზე ხომ საუბარიც ზედმეტია, ის ჩემი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარია. ჩაჩავამ გვთხოვა, რომ გვერდში დავდგომოდით. ჯერ ვერ გეტყვით, ჩემს შესახებ რა იქნება. ვნახოთ, რა თანამდებობაზე ვიქნები.

- რატომ ვერ ხერხდება "ტორპედოს" გადაფორმება?

- არის გარკვეული ფორმალობები და ჯერჯერობით, შეთანხმება ვერ ხერხდება. ვნახოთ, ველოდებით, რა მოხდება.

- აკაკი დევაძემ სტამბოლში ღვიძლის ოპერაციის შემდეგ, რეაბილიტაციის კურსის დაწყება ვერ მოახერხა უფულობის გამო და კლინიკიდანაც გამოუშვეს. დამატებითი თანხა, 30 000 დოლარია საჭირო, ვიცით, რომ თანხა მეორედაც შეიტანეთ და საკმაო აქტიურობას იჩენთ. ასევე ფეხბურთის ფედერაციამ. როდის შეგროვდება სრულად?

- დევაძის საკითხს რაც შეეხება, ისევ ჩართულები ვართ და თანხის შეგროვება გვსურს. 15 000 დოლარი შეგროვებულია. ვიცი, რომ 10 000 საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გაიღო. კიდევ, ბევრ ფეხბურთელს ველაპარაკებით და იმედია, ერთად მოვაგვარებთ ამ პრობლემას.

0.12186