სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

18:18 | 17.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

იურაი იარაბეკი: "პარადოქსია, ისევ პაოკთან მიწევს დაპირისპირება"

„დინამო“ თბილისისა და სალონიკის პაოკის მატჩის წინ საქართველოს ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა იურაი იარაბეკმა ჟურნალისტების კითხვებს ამომწურავად უპასუხა. სლოვაკი სპეციალისტის განცხადებით, პაოკი ძლიერი გუნდია, რომელსაც ძალზე მაღალი დონის მოთამაშეები ჰყავს. თუმცა მისი აზრით, არც „დინამოა“ ცუდი გუნდი და ხვალინდელ შეხვედრაში უშეღავათო ბრძოლას ელოდება.

იურაი იარაბეკი („დინამოს“ მთავარი მწვრთნელი): „პარადოქსია, რომ ერთი წლის წინ ტრნავას „სპარტაკის“ მთავარი მწვრთნელის რანგში შევხვდი პაოკს. ამ გუნდს ძალიან დიდი ამბიციები აქვს და ჩვენსავით აქვს სურვილი ითამაშოს ევროპა ლიგის ჯგუფში. აქედან გამომდინარე, რთულ თამაშს ველოდები.

გელაშვილის გუნდიდან წასვლა მისი სურვილი გახლდათ. იგი საკმაოდ დიდი წნეხის ქვეშ მოექცა და ისე ვერ თამაშობდა, როგორც ქომაგები ელოდნენ. რაც შეეხება ვლადიმერ დვალიშვილის საკითხს, მან ვარჯიში უკვე დაიწყო და ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ ხვალინდელ შეხვედრაში თამაშს შესძლებს. შპიჩიჩს კი, დღევანდელ ვარჯიშზე დავაკვირდებით და ამის მერე გადაწყდება მისი თამაშის საკითხი. გარდა ამისა, ტრავმა აწუხებს მატიას კურიესაც და შესაძლოა ვერც ის დაგვეხმაროს. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ მათი შეცვლა სხვა მოთამაშეებით შეგვიძლია. მათე ციცნცაძეს ტრავმა ახალი მოშუშებული ჰქონდა და ამიტომაც იყო, რომ სათამაშო დრო ნაკლებად ეძლეოდა. ხვალ კი, დიდი შანსია, ძირითად შემადგენლობაში დაიწყოს თამაში.

შეტევის ხაზში საკმაოდ რთულად გვაქვს საქმე. ეს პერიოდი იმ ფეხბურთელებით ვითამაშეთ, ვინც გუნდში გვყავს. ტრანსფერებს რაც შეეხება, სამწუხაროდ ისე გამოვიდა, რომ ყველამ ვარჯიშზე ან თამაშებზე ტრავმები მიიღეს. ჩვენ მათ რა თქმა უნდა, სანამ გუნდში მოვიყვანდით, ვაკვირდებოდით. მაგალითად, კურიე ბულგარეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახლდათ. თუმცა, მთლიანობაში ლეგიონერების თამაშით დიდად კმაყოფილი არ ვარ. თუ ვინ ითამაშებს ხვალ შეტევაში დვალიშვილის არყოფნის შემთხვევაში ამას ახლა ნამდვილად ვერ გეტყვით.

პაოკის დღევანდელი შემადგენლობა ოდნავ შეცვლილია, იმასთან შედარებით, როდესაც მე დავუპირისპირდი შარშან. პაოკის რიგებშია ასტონ ვილას, უდინეზეს ყოფილი ფეხბურთელები, ასევე ესპანეთის პრიმერადივიზიონგამოვლილი მოთამაშეები - მათ მაღალი კლასის მოთამაშეები ჰყავთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამის გამო რაიმე უნდა დავთმოთ. ასე იყო ზაგრების „დინამოსთანაც“, რომელიც შემადგენლობით გვჯობდა, მაგრამ ვფიქრობ მათ თითქმის თანაბრად ვეთამაშეთ და ოდნავ არ გაგვიმართლა“, - თქვა იარაბეკმა.

ევროპა ლიგის პლეი-ოფის შეხვედრა „დინამო“ თბილისსა და ბერძნულ პაოკს შორის ხუთშაბათს „დინამო არენაზე“ გაიმართება. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.126811