ინგლისური “უოტფორდის” ესპანელი ნახევარმცველი მარიო სუარესი სამშობლოში დაბრუნდა და ამიერიდან “ვალენსიას” ღირსებას დაიცავს. “ღამურების” ვებგვერდის ინფორმაციით, 29 წლის ფეხბურთელი “მესტალიაზე” დამდეგ სეზონს იჯარის წესით გაატარებს – მასთან კონტრაქტი 2017 წლის 30 ივნისამდე გაფორმდა.
მარიო სუარესი “უოტფორდს” მიმდინარე წლის იანვარში შეუერთდა და პრემიერლიგაში 17 მატჩი ჩაატარა. მანამდე კი, სეზონის პირველი ნახევარი ფლორენციის “ფიორენტინაში” დაჰყო, სადაც ძირითად შემადგენლობაში ფეხი ვერ მოიკიდა.
მისი კარიერის საუკეთესო წლები კი მაინც მადრიდის “ატლეტიკოს” უკავშირდება, რომლის ღირსებასაც 2005-2015 წლებში იცავდა. ძირითადი შემადგენლობის წევრად კი 2010 წლიდან მიიჩნეოდა. სუარესმა მადრიდში ლა ლიგა, კოპა დელ რეი, ესპანეთისა და ევროპის სუპერთასები და ევროპა ლიგა მოიგო. 2007-2010 წლებში კი “როხიბლანკოს” მარიო იჯარით ჯერ “სელტაში”, მერე კი, “მალიორკაში” ჰყავდა გაშვებული.