ბლოგი

11:16 | 17.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

17 აგვისტოს, გარიჟრაჟისას...

ჩვენ ქართველები ეს ბოლო ათწლეულებია ნამეტანი ხმამაღლა ვლაპარაკობთ. არა, არც ადრე ვიყავით მშვიდი ხალხი, მაგრამ როგორც მავანმა მოსწრებულად შენიშნა, ჩვენი ხმის ამაღლება და აწევა საქართველოს ბოლო წლების მიტინგომანიურმა ბედმა განაპირობა და რაკი მიტინგებზე ყვირილს ნაჩვევი ხალხი ვართ, ზოგად საუბრებშიც ხმას ვეღარ ვაკონტროლებთ და ისე ვყვირით, ვითარცა ჩოგბურთელი ქალი კორტზე.

მაშ რატომ იდგა სიჩუმე 17 აგვისტოს გარიჟრაჟისას მთელს თბილისში? წესით ხომ დიდი გნიასი და ამბავი უნდა ყოფილიყო, რადგან ჩვენი ძალოსნებისგან ოლიმპიურ მედლებს ველოდით და ეს მოლოდინი არ იყო უსაგნო. როდესაც ლაშა ტალახაძე და ირაკლი თურნმანიძე შტანგასთან მიდიოდნენ, ღამის სიჩუმეს მხოლოდ შორიდან მოსული კანტიკუნტად მოსიარულე ავტომობილების ხმა და ძაღლების ყეფა არღვევდა. ეს იყო წარმოუდენელი სიჩუმე. სიჩუმე მაშინ, როდესაც ყველას უნდა გვეყვირა და ხმის ჩახლეჩვამდე გადმოგვენთხია ემოციები. მაგრამ ეს სულ სხვანაირი ღამე იყო.

მხოლოდ მაშინ, როდესაც ცხადი გახდა, რომ ტალახაძემ არამხოლოდ ოლიმპიური ჩემპიონის წოდება მოიპოვა, არამედ რეკორდიც დაამყარა, გარიჟრაჟის სიწყნარე ფანჯრებიდან შემოსულმა ყვირილის ხმამ გაჰკვეთა. მოგეხსენებათ ღამით ხმა განსაკუთრებით კარგად ისმის და ამიტომ სულ ადვილად გააარჩევდით ახალგაზრდა ბიჭის, ხანში შესული ქალისა თუ ჭარმაგი მამაკაცის ხმებს.

ტელეეკრანზე ლაშა ტალახაძე ხელაღმართული იდგა და ქალაქიდან შემომავალი ხმები ერთმანეთში ირეოდა. ეს იყო სიხარულის ყიჟინა იმ ხალხისა, რომლებსაც ბოლომდე ჰქონდათ ჩვენი ოლიმპიელების იმედი და არ აჰყოლიან მავანთა ნიჰილისტურ ფიქრებს, რომ თითქოს წელს რიოში ჩვენები ოქრომდე ვერ მივიდოდნენ. ეს ადამიანები ღამეს ტეხდნენ და სჯეროდათ, რომ ქართველი ძალოსნები ბოლომდე გაგვიმართლებდნენ იმედებს და ეს ასეც მოხდა. მოხდა და თან როგორ! ჩვენ ოლიმპიური რეკორდსმენიც გვყავს და ამიერიდან ოლიმპიადაზე იმას უნდა დავაკვირდეთ, სხვები თუ მოახერხებენ ლაშა ტალახაძის მიერ დამყარებული ახალი რეკორდის გაუმჯობესებას. ეს დიდებული გრძნობაა!

ლაშას გარდა, როგორ არ უნდა ვიამაყოთ ირაკლი თურმანიძითაც, რომელმაც შესაშური მომზადებისა და დიდი მონდომების ხარჯზე კიდევ უფრო მეტად გააუმჯობესა წინა ოლიმპიადაზე ნაჩვენები შედეგი და დამსახურებულად უწია ოლიმპიურ ბრინჯაოს. ეს ის ბიჭია, რომელიც ფარ-ხმალს არასოდეს ყრის და მისი შემართება ჩვენს ქვეყანაში ბევრს რომ ქონდეს, გვერწმუნეთ - საქართველოს ბედი ბევრად უკეთ წავიდოდა.

ბოლოს ქართველი ძალოსნების ერთ-ერთ მთავარ კონკურენტზე, ირანელ გოლიათზე, ბეჰდად სალიმი კარდასიაბზეც უნდა ვთქვათ ორი სიტყვა, რომელიც საბოლო ჯამში წლევანდელ ზაფხულის ოლიმპიადაზე უმედლოდ დარჩა და ამის მიუხედავად, იგი ღირსეულად შეხვდა ამ მარცხს, მიულოცა და გადაეხვია ლაშა ტალახაძეს და ამ ჟესტით კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ დიდი სპორტსმენები დიდი ადამიანებიც არიან და თუ ეს ასე არაა, არანაირი აზრი არა აქვს საერთოდ სპორტსა და ოლიმპიადას.

რიოს ოლიმპიადა ჯერ არ დასრულებულა და ქართველ ქომაგებს დიდი იმედი გვაქვს, რომ ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედლის მოპოვების შემდეგ, ქართველი ათლეტები კიდევ შეძლებენ მედლებით ჩვენს გახარებას, მაგრამ ის რაც 17 აგვისტოს გამთენიისას მოხდა, ალბათ არასოდეს დაგვავიწყდება და რთულია ეს ამბავი სხვა რამით გადაიფაროს. თუმცა ვინ იცის, ოლიმპიადა და ჩვენი ქვეყნის ისტორია გრძელდება!

0.114759