ფეხბურთი

10:47 | 17.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა, ჯგუფური ეტაპისთვის “დრაგაუზე” - “დრაკონები” და “მგლები”

დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგის დარჩენილი ხუთი საპლეი-ოფო მატჩი გაიმართება. ცენტრალური თამაში კი უდაოდ პორტუშია, სადაც ადგილობრივი გუნდი იტალიურ “რომასთან” გაარკვევს ურთიერთობას. გარდა ამ წყვილისა, დიდ ინტერესს იწვევს ესპანური “ვილიარეალისა” და ფრანგული “მონაკოს” დაპირისპირება. ამ მატჩების ფონზე, დანარჩენი სამი შედარებით ჩრდილშია მოქცეული, მაგრამ ბუნებრივია მათ შესახებაც ვისაუბრებთ.

“პორტუ” – “რომა”

“პორტუ” და “რომა” ის გუნდები არიან, ჯგუფურ ეტაპს მიღმა რომელიმე მათგანის დარჩენა ბევრს რომ დაენანება. თუმცა, განგებამ ისე ინება, რომ ერთ-ერთი მათგანი ჩემპიონთა ლიგას ნაადრევად დაემშვიდობება. როგორც ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელი ამბობს, მზად არიან მნიშვნელოვანი მატჩისთვის. “პორტუმ” შარშანდელი შემადგენლობა თითქმის სრულად შეინარჩუნა, მაგრამ ახალწვეულების მხრივ ბრაზილიელ განაპირა მცველ ალექს ტელეშს თუ გამოვარჩევთ. ამ მხრივ, ბევრად ნაყოფიერი გამოდგა “რომასთვის” ზაფხული – “ჯალოროსის” რიგები ტომას ვერმაელენმა, ჟუან ჟესუსმა, ვოიცეხ შჩესნიმ, ალისონმა და სულ ახლახან ბრუნო პერესმა შეავსეს. ეს უკანასკნელი დღეს რომაულ გუნდს ვერ დაეხმარება, თუმცა განმეორებით მატჩში დიდი ალბათობით, მოედანზე ვიხილავთ.

იტალიის ჩემპიონატი ჯერ არ დაწყებულა და შესაბამისად, ეს “რომასთვის” პირველი ოფიციალური მატჩია მიმდინარე სეზონში. საკონტროლო თამაშებში კი დიდებული შთაბეჭდილება დატოვა ედინ ჯეკომ, რომელმაც ჯამში 13 გოლის გატანა მოახერხა. “პორტუმ” კი უკვე მოასწრო პორტუგალიის ჩემპიონატში სასტარტო მატჩის გამართვა და სამი დღის წინ “რიუ ავეს” ადვილად 3:1 აჯობა მისსავე მოედანზე.

აღსანიშნავია, რომ იტალიური გუნდებისთვის ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფი ტაბუირებულია – მას შემდგომ, რაც უეფამ ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლის ასეთი სისტემა დააფუძნა, იტალიელთაგან ეს ბარიერი მხოლოდ “მილანმა” გაიარა, როდესაც 2013 წლის აგვისტოში პსვ ეინდჰოვენს აჯობა. დანარჩენ შემთხვევებში კი, იტალიური გუნდები ლიგის მიღმა დარჩნენ: ორჯერ “უდინეზე”, ხოლო თითოჯერ “სამპდორია”, “ნაპოლი” და “ლაციო”.

ნუნუ ესპირიტუ სანტუ (“პორტუს” მთავარი მწვრთნელი): “ძალიან რთული თამაში იქნება, რადგან “რომა” დიდი ტრადიციების მქონე გუნდია, მაგრამ ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში გვინდა. მსურს, “დრაგაუს” სტადიონზე საოცარი ატმოსფერო ვნახო. დღეს ყოველი ბურთისთვის ვიბრძოლებთ, მოედნის ყოველი მონაკვეთისთვის. “რომას” მხოლოდ 11 ფეხბურთელით არ დავუპირისპირდებით, მთელი პორტუგალია ჩვენს მხარეს იქნება”.

ლუჩანო სპალეტი (“რომას” მთავარი მწვრთნელი): “ჩვენ მზად ვართ, ზაფხულში ძლიერი ფეხბურთელები დავიმატეთ. ამ დროისთვის ძლიერი გუნდი ვართ და სრულ მზადყოფნაში ასეთი მნიშვნელოვანი მატჩისთვის. მომდევნო 11 დღეში 4 გადამწყვეტი მატჩები გვაქვს ჩასატარებელი, მათგან დღევანდელი კი, უმნიშვნელოვანესია. მართალია, ბრუნო პერესი დავიმატეთ და იგი საპასუხო შეხვედრაში აუცილებლად დაგვეხმარება”.

სავარაუდო შემადგენლობები:

პორტუ, “დრაგაუ”

“პორტუ” (4-3-3): კასილიასი; მაქსი პერეირა, ფელიპე, მარკანო, ალექს ტელეში; დანილო, ერერა, ანდრე ანდრე; ოტავიო, ანდრე სილვა, კორონა

მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო

“რომა” (4-3-3): შჩესნი; ფლორენცი, მანოლასი, ვერმაელენი, ჟუან ჟესუსი; ნაინგოლანი, დე როსი, სტროტმანი; სალაჰი, ჯეკო, პეროტი

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)

“დანდალკი” – “ლეგია”

ირლანდიის ჩემპიონი “დანდალკი” მიმდინარე საკლუბო სეზონის მთავარი მოულოდნელობაა. აქამდე ამ ქვეყნის ჩემპიონს ასე შორს არასდროს მიუღწევია და როგორც არ უნდა დასრულდეს “დანდალკის” ზღაპარი, მასზე სასაყვედურო არავის ექნება, რადგან მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბევრად გამოცდილი “ბატე” უშანსოდ დატოვა. ამასთან, ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპი უკვე ჯიბეში აქვს. ირლანდიის ჩემპიონის მთავარი მწვრთნელი კი, ამაზე გაჩერებას არ აპირებს და ჯგუფურ ეტაპს უმიზნებს. “ლეგიას” კი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვერგასვლა უდაოდ წარუმატებლობად ჩაეთვლება. ისე, უნდა ითქვას, რომ პოლონეთის ჩემპიონი ბოლო დროს დამაჯერებლად ვერ თამაშობს. შიდა ჩემპიონატში ვარშაველებმა კარგად ვერ დაიწყეს და ხუთ ტურში ოდენ 6 ქულა მოაგროვეს, ხოლო მესამე საკვალიფკაციო ეტაპი რის ვაი-ვაგლახით გაიარეს.

“ლეგია” და “დანდალკი” ერთმანეთს პირველად ხვდებიან. ისე კი, პოლონელებს ირლანდიელებთან თამაშის გამოცდილება აქვთ – 2014-2015 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფკაციო ეტაპზე “ლეგიამ” ორი მატჩის ჯამში 6:1 (1:1, 5:0) მოუგო “სენტ პატრიკს”.

სტეფან კენი (“დანდალკის” მთავარი მწვრთნელი): “ბატესთან” გამარჯვებამ ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის იმედი გაგვიჩინა. მას შემდგომ, რაც აქ ვიმყოფები, ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებთ. ფეხბურთელებს ჩემი იდეები მოედანზე გადააქვთ. მათი მომზადებიდან გამომდინარე მგონია, რომ ყველასთან შეუძლიათ გამარჯვება”.

ბესნიკ ჰაში (“ლეგიას” მთავარი მწვრთნელი): “დანდალკმა” დაიმსახურა ყველა ჩვენგანის პატივისცემა იმ მომენტიდან, როდესაც “ბატეს” 3:0 მოუგო. ძალიან შეკრული გუნდია და ერთ შეცდომის გამოყენებაც შეუძლია. ჩვენს მიერ ნაჩვენები ბოლო ორი შედეგი კი არ ყოფილა პოზიტიური, ამიტომაც, დღეს კონცენტრირებით უნდა ვითამაშოთ. ყველაფერი გავაკეთოთ, რომ გავიმარჯვოთ, ფეხბურთელები მაქსიმუმს გაიღებენ ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად”.

“ვილიარეალი” – “მონაკო”

ესპანურმა “ვილიარეალმა” გასული სეზონი დიდებულად ჩაატარა – როგორი საქმეა ესპანეთის პრიმერადივიზიონში ოთხეულში მოხვდე?! – ეს ყველაფერი მარსელინიოს დამსახურება იყო, თუმცა მან გუნდი ცოტა ხნის წინ დატოვა, მის ადგილზე კი ფრან ესკრიბა მიიწვიეს. როგორი დებიუტი ექნება ესკრიბას. “ვილიარეალმა” ზაფხულში კარგი შევსება მიიღო და ანგარიშგასაწევი ძალა ევროპაშიც უნდა იყოს. ერთი ეგაა, “ყვითელ სუმბარინას” ბევრი წამყვანი მოთამაშე აკლია და ამასთან სეზონის პირველი ოფიციალური მატჩია. “მონაკოსთვის” კი სეზონი კარგა ხნის დაწყებულია. ლეონარდო ჟარდიმის გუნდმა III საკვალიფიკაციო ეტაპზე სტამბოლის “ფენერბახჩეს” მძიმე ბრძოლაში აჯობა. გარდა ამისა, საფრანგეთის ჩემპიონატიც უკვე დაწყებულია. “მონეგასკებს” დღეს ტრავმის გამო მთავარი ვარსკვლავი რადამელ ფალკაო დააკლდებათ.

“ვილიარეალს” აქამდე ლიგის პლეი-ოფში ერთადერთხელ უთამაშია: 2011-2012 წლების სეზონში ესპანელებმა დანიურ “ოდენსეს” ადვილად, 4:0 აჯობეს. რაც შეეხება “მონაკოს”, ეს გუნდი შარშან ამავე ეტაპზე ესპანურ “ვალენსიასთან” დამარცხდა.

ფრან ესკრიბა (“ვილიარეალის” მთავარი მწვრთნელი): “გვაკლია ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც ბონერა, ვიქტორ რუისი, სოლდადო, ბაკამბუ, ხაუმე კოსტა და ჩერიშევია, მაგრამ დანარჩენები მზად არიან და პრობლემები არ აწუხებთ. მინდა, დადებითი შედეგი ვაჩვენოთ, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მონტეკარლოში სათამაშო გვაქვს”.

ლეონარდო ჟარდიმი (“მონაკოს” მთავარი მწვრთნელი): “ვილიარეალს” ძალიან კარგად ვიცნობ – მეტოქეს ბევრი მოთამაშე დააკლდება, მაგრამ იგივე მდგომარეობაა ჩვენთანაც. არამგონია გასული სეზონი შუაში იყოს, მას მერე ბევრი რამ შეიცვალა. ჩვენ ყოველთვის მოსაგებად ვთამაშობთ და არც დღეს იქნება განსხვავება. ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავს, თუმცა გუნდი მზადაა მოედანზე გასასვლელად რადამელ ფალკაოს გარეშეც”.

“სელტიკი” – “ჰაპოელი”

ბეერ შევას “ჰაპოელიც” ერთ-ერთი მთავარი სიურპრიზია – ისრაელის ჩემპიონმა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მიმავალ გზაზე პირეოსის “ოლიმპიაკოსი” ჩამოიშორა და ახლა იგივეს “სელტიკსაც” უპირებს. ბარაკ ბაჰარი ყოველ შემთხვევაში, იმედიანადაა განწყობილი. თუმცა, აღიარებს, რომ “სელტიკ პარკზე” მეტოქე აშკარა ფავორიტია. ბრენდან როჯერსის “სელტიკმა” კი ყაზახურ “ასტანას” გაჭირვებით აჯობა. საერთოდ, გლაზგოური გუნდი ბოლო პერიოდში კრიზისშია და ევროპულ ასპარეზზე ღირსეულად გამოსვლა მაინცდამაინც არ გამოსდის.

ბრენდან როჯერსი (“სელტიკის” მთავარი მწვრთნელი): “ჩემპიონთა ლიგაზე გუნდის გაძღოლა უდიდესი სიამოვნება იქნება, რადგან ეს ჩემპიონთა თასის ანალოგიის ტურნირია. ჩვენთვის ეს ტურნირი ძალიან მნიშვნელოვანია”.

ბარაკ ბაჰარი (“ჰაპოელის” მთავარი მწვრთნელი): “იმის თქმა, რომ ფავორიტები ვართ, თან ასეთ სტადიონზე და ატმოსფეროში, სისულელე იქნება. თუ კარგად ვითამაშებთ და წავაგებთ, ეს იქნება უარყოფითი შედეგი. ჩემთვის ყოველი ახალი თამაში ყველაზე მნიშვნელოვანია და დღესაც ასეა. იმედია, ჩემი ბიჭები კარგად ითამაშებენ”.

“ლუდოგორეცი” – “პლზენი”

ბულგარეთის ჩემპიონი “ლუდოგორეცი” ჩეხეთის ჩემპიონ “ვიქტორია პლზენს” შინ მიიღებს. ამ წყვილში ალბათ შანსი თანაბარია, რადგან ორივე გუნდის შემადგენლობა დაახლოებით თანაბრადაა დაკომპლექტებული. ბულგარელებმა წინა ეტაპზე ბელგრადის “ცრვენა ზვეზდას” დამატებით დროში მოუგეს, ხოლო “პლზენმა” არანაკლებ დრამატულ შეხვედრაში აზერბაიჯანულ “ყარაბახს” სტუმრად გატანილი გოლით აჯობა. ბულგარეთის ჩემპიონატში “ლუდოგორეცმა” ცუდი სტარტი აიღო და სამი ტურის მერე ოდენ მეცხრე ადგილზეა. რაც შეეხება “პლზენსა” და ჩეხეთის ჩემპიონატს, ასევე სამი ტურის მერე ლიდერია 7 ქულით.

სხვათა შორის, ეს გუნდები მიმდინარე წლის იანვარში ამხანაგურად გაეჯიბრნენ ერთმანეთს თურქეთში და მაშინ ბულგარელებმა 2:1 მოიგეს.

გეორგი დერმენდჟიევი “(ლუდოგორეცის” მთავარი მწვრთნელი): “ჩვენ გვაქვს საკმაო გამოცდილება ასეთი მატჩების და მიზნის მიღწევის. თამაშიდან თამაშამდე უკეთეს ფორმაში შევდივართ და ჩემმა ფეხბურთელებმა იციან, როგორ ითამაშონ ასეთი მნიშვნელობის შეხვედრა. ვეთამაშებით ძალიან ძლიერ გუნდს და ველოდები ორ ურთულეს დაპირისპირებას”.

რომან პივარნიკი (“პლზენის” მთავარი მწვრთნელი): “ისეთ ძლიერ გუნდს, როგორიც “ლუდოგორეცია”, ბურთის ფლობა და თამაშის რიტმის კონტროლი უყვარს. ამასთან, ძალზე ტექნიკური მოთამაშეები ჰყავს და კონტრშეტევების წარმართვაც შეუძლია. ჩვენ კი ძლიერები ვართ დაცვით ფაზაში და ასევე შეტევაშიც”.

0.197411